არჩილ გორდულაძე ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ელჩების განცხადებებზე – როდესაც პოლიციელს სილას აწნავ, ამით სილას აწნავ სახელმწიფოს

„როდესაც პოლიციელს სილას აწნავ, ამით სილას აწნავ მთლიანად სახელმწიფოს! თავი დაანებონ თითის ქნევას! -კეთილი ინებონ, გამოვიდნენ და თქვან, რას აკეთებენ თვითონ და როგორ რეაგირებენ საკუთარ ქვეყნებში ასეთი, ან მსგავსი ქმედებების მიმართულებით!” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის მისამართით ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ცალკეული ქვეყნების ელჩების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, უცხო ქვეყნებში მსგავს ქმედებებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა უფრო მძიმე შედეგებით მთავრდება ხოლმე და როდესაც „ჩვენ გვამუნათებენ არის ორმაგი და სამმაგი სტანდარტი“.
გორდულაძე დიპლომატებს მოუწოდებს, „პატივი სცენ ჩვენს ქვეყანას და საკუთარ ქვეყნებსაც“.

„საინტერესოა, როგორი არის ევროპული სტანდარტი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თუ მაგალითად, ვინმე გაბედავს და სამართალდამცავს ხელს შემოარტყამს, რა რეაქცია ექნება, ზოგადად, სამართალდამცავ სისტემას. არ დაგვავიწყდეს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები მაგალითად, „ყვითელჟილეტიანების“ აქციების დროს, სადაც ათასობით ადამიანი დააკავეს. როდესაც საკუთარ ქვეყანაში იგივე ქმედებებზე უფრო მძიმე შედეგებით მთავრდება ხოლმე სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ჩვენ მოგვიწოდებენ და გვამუნათებენ გადადგმულ ნაბიჯებზე, ზუსტად ეს არის ორმაგი და სამმაგი სტანდარტი. როდესაც საკუთარ ქვეყნებში კიდევ უფრო მეტად მკაცრი კანონმდებლობა აქვთ, კიდევ უფრო მკაცრად სჯიან ხოლმე და პასუხისმგებლობას აკისრებენ ხოლმე ადამიანებს, რომლებიც უხეშად არღვევენ კანონს, ჩვენს მიმართ რატომ არის განსაკუთრებული შენიშვნები და განსაკუთრებული თითის ქნევები?!

კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ, რომ თავი დაანებონ ასეთ განცხადებებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რადიკალურად სცდება მათ მანდატსაც და ელემენტარულად, სტრატეგიულ პარტნიორებს ქვეყნებს შორის ურთიერთობის სტანდარტში ასეთი რამ უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირი მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.
„ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს მისი შიმშილობის მე-17 დღეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის ღირებულებების შუაგულშია“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები