სოზარ სუბარი: პარადოქსული ვითარებაა – საფრანგეთი მზადაა დანია იარაღით დაიცვას აშშ-ისგან, მაშინ, როცა უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 წლის განმავლობაში ევროპა რუსეთის აგრესიისთვის ემზადებოდა
ბრიუსელის ბიუროკრატიის ძალაუფლება შესუსტდება და რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, როცა მსოფლიოს დღის წესრიგის ცვლილებებზე ისაუბრა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ბიუროკრატიის უკონტროლო ძალაუფლება და უხეში ჩარევა სხვა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში დასასრულისკენ მიდის, რასაც მოწმობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მცდელობები, თავიანთი პოლიტიკა უფრო მეტად ააგონ ევროპის ქვეყნებთან პირდაპირ კავშირებზე და ნაკლებად გაითვალისწინონ ბრიუსელში განთავსებული ევროპული ბიუროკრატიის ინტერესები.
„სუვერენიტეტისათვის ბრძოლა არის ის, რასაც დღეს ევროკავშირში აკეთებს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი. ის ამბობს, რომ მართალია უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ მისი მიზანია, პირველ რიგში უნგრეთის სახელმწიფოსა და უნგრელი ხალხის ინტერესები დაიცვას და იმავეს უნდა აკეთებდეს ნებისმიერი ქვეყანა, სადაც აგენტურა არ არის სახელმწიფოს სათავეში. თუმცა, ახლა ძალიან უცნაური ვითარება შეიქმნა, რადგან ვერავინ იტყვის, როგორი იქნება მსოფლიო თუნდაც ერთი კვირის შემდეგ ან ერთი თვის შემდეგ.
მაგალითად, გუშინ გააკეთა განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ მზად არის გააგზავნოს ჯარები გრენლანდიაში, რათა იარაღით დაიცვას დანია ამერიკის შეერთებული შტატებისგან. თავის მხრივ, დანიამ 2,1 მილიარდით გაზარდა თავისი თავდაცვის ბიუჯეტი, რათა მის მფლობელობაში მყოფი კუნძული გრენლანდია დაიცვას ამერიკისგან. ანუ, სამი წლის მანძილზე, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მთელი ევროპა ამბობდა, რომ უნდა მომზადებულიყო, რათა წინ აღდგომოდა ევროპაში რუსეთის შეჭრას, ამ დროს კი ევროპის ქვეყნები სრულიად სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ.
ევროკავშირის ბიუროკრატიისადმი ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულებაზე შემდეგი ფაქტიც მეტყველებს: ორშაბათს ევროკავშირის საგარეო კომისარმა კაია კალასმა ღია მოწვევა გაუგზავნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, რომ დასწრებოდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ბრიუსელში, რათა ტრანსატლანტიკური ურთიერთობები „სწორ გზაზე“ დაეყენებინათ, მაგრამ სახელმწიფო მდივანმა პასუხის ღირსადაც კი არ ჩააგდო კალასის მიპატიჟება. ტრამპის ადმინისტრაცია ახორციელებს თავის გაცხადებულ პოლიტიკას, რომ აპირებს მეტი კონტაქტი ჰქონდეს ევროკავშირის ცალკეულ ქვეყანასთან და ნაკლები – ევროპულ ბიუროკრატიასთან. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ხვალ და ზეგ დაიშლება, მაგრამ ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატიის – ბრიუსელის ძალაუფლება შესუსტდება და რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი.
როდესაც ევროკავშირის სახელით კაია კალასის მსგავსი ორპირა ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს, იქ შეუძლებელია სამართლიანობის იმედი გვქონდეს. კაია კალასის ქმარი და მთელი ოჯახი რუსეთთან ვაჭრობით მდიდრდება და ამ დროს ეს ადამიანი საქართველოს მოუწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს, რათა ჩვენ დავზიანდეთ და ჩვენი ეკონომიკა ჩამოიქცეს. ბუნებრივია, რომ რაც ნაკლებად იქნება ასეთი ადამიანების აზრი გათვალისწინებული და რაც ნაკლები ძალაუფლება ექნებათ მათ ხელში, მით უკეთესია ჩვენთვისაც და ყველა ევროპული ქვეყნისთვისაც,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.