თეა ახვლედიანმა და ალექსანდრე წულაძემ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს, დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2024-2025 სასწავლო წელს დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიატი გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ჯეირან გვაგვალია, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის, გალის რაიონის სოფელ დიხაზურგის საშუალო სკოლა დაამთავრა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.
„სახელობითი სტიპენდიატი, ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში, 300 ლარს ყოველთვიურად მიიღებს სტიპენდიის სახით.
ღონისძიების ფარგლებში, სიტყვით გამოვიდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი.
სახელმწიფო მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას გახსნითი სიტყვით მიმართა და შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკასა და „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამშვიდობო ინიციატივის პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი ახალგაზრდების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე კეთდება. თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ უნიკალურ მექანიზმებსა და საშეღავათო პროგრამებზე; ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობას და მათ სწავლასა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სასტიპენდიო ინიციატივის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
„შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის და სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა საოკუპაციო ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება და მათთვის განათლების შესაძლებლობების გაფართოება. ამასთან, ჩვენ ვაგრძელებთ დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობითი სტიპენდიებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იმ გამორჩეული ახალგაზრდების მხარდაჭერას და წახალისებას, რომლებიც მათთვის დანერგილი საშეღავათო პროგრამების და უმაღლესში უგამოცდოდ ჩარიცხვის შესაძლებლობის მიუხედავად, ადგილზე არსებული ურთულესი გამოწვევების პირობებში, დამოუკიდებლად ახერხებენ მოემზადონ და უმაღლესი შედეგებით ჩააბარონ ეროვნული გამოცდები. სწორედ ამგვარი შემართების, შრომის და გამბედაობის დასაფასებლად, წელს ჩვენ დავაჯილდოვეთ დიმიტრი გულიას სახელობითი სტიპენდიით ჯეირან გვაგვალია – ახალგაზრდა ოკუპირებული გალის რაიონიდან, რომელსაც კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ წარმატებას. მეტი განათლებითა და განვითარებით, ნდობის აღდგენითა და მშვიდობის მშენებლობით ჩვენ აუცილებლად დავძლევთ ოკუპაციას და გავაერთიანებთ ჩვენს ხალხს,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება. ალექსანდრე წულაძემ მადლობა გადაუხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გუნდს. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების ხელშეწყობის კუთხით, სამინისტრო მათთან თანამშრომლობით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიესალმება ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში დაგეგმილ მსგავს აქტივობებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ახალგაზრდების წახალისების მნიშვნელობაზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული გამოწვევების ფონზე ახერხებენ ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენონ. ვოლსკიმ გამარჯვებულ სტუდენტს კიდევ ერთხელ მიულოცა მოპოვებული სტიპენდია და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები 2018 წლიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა და განკუთვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.