ირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე: ეს არის გარკვეულწილად ქართული სახელმწიფოს, თუ „ქართული ოცნების“ და ზოგადად, საქართველოს მიმართ ერთგვარი პოლიტიკური შურისძიება
„ეს არის გარკვეულწილად ქართული სახელმწიფოს, თუ „ქართული ოცნების“ და ზოგადად, საქართველოს მიმართ ერთგვარი პოლიტიკური შურისძიება,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებას დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.
„უვიზო რეჟიმის შემოღებას დიპლომატიური პასპორტებისათვის აქვს თავისი სამართლებრივი განმარტება. იქვეა აღნიშნული, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ეს გაუქმდეს. არცერთი პირობა, რაც ამის გაუქმებას ითვალისწინებს, არ დგას. ამიტომ ეს გადაწყვეტილება სამართლებრივად გამართული არ არის. აქ მთავარია ის, რომ ეს არის გარკვეულწილად ქართული სახელმწიფოს, თუ „ქართული ოცნების“ და ზოგადად, საქართველოს მიმართ ერთგვარი პოლიტიკური შურისძიება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა. ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები უდევს.