“ვერანაირი შანტაჟი და სანქციები ვერ აიძულებს ხელისუფლებას, მიიღოს ანტიქართული გადაწყვეტილებები” – დავით მათიკაშვილი

“ზეწოლით ვერანაირი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ვერანაირი შანტაჟი და მსგავსი სანქციები ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას ვერ აიძულებს ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას. ეს უნდა გაიგონ და შეიგნონ ევროპაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საქართველომ ყველასთვის გასაგები კანონები მიიღო.

„ეს არის კიდევ ერთი პასუხი იმ საკითხზე, თუ რატომ არ ატარებდა რადიკალური ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას. მათ შესაბამისი პირობა ჰქონდათ მიღებული კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკებისგან, რომ იმ შემთხვევაში, თუ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდებოდა, „დიფ სთეითი“, მათი მხარდამჭერები, ასევე ამ საკითხზე მომუშავე კონკრეტული ჩინოვნიკები ყველაფერს გააკეთებდნენ, რათა ზეწოლა მოეხდინათ საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და ეიძულებინათ, მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები მიეღოთ. არჩევნები დასრულდა „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვებით და ამ ყველაფერს მოჰყვა ის სხვა ნეგატივი, სრულიად დაუსაბუთებელი და უსამართლო, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო გამოყენებული. მათ შორის საკითხი დიპლომატიური პასპორტების მქონეთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე. სრულიად გაუგებარია, სად გაქრა ცნობილი ევროპული სამართლიანობა, თუ კი ასეთი არსებობდა. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ყველასთვის გასაგები კანონები, საკანონმდებლო სივრცე, რომელსაც აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს საკუთარი პოლიტიკით შეერთებული შტატების მხრიდან. სწორედ ეს მოუდეს შარად ჩვენს ქვეყანას, რათა კონკრეტული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირთათვის უვიზო მიმოსვლა შეეჩერებინათ. ამ ზეწოლით ვერანაირი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ვერანაირი შანტაჟი და მსგავსი სანქციები ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას ვერ აიძულებს ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას. ეს უნდა გაიგონ და შეიგნონ ევროპაში. პარტნიორობა შესაძლებელია სწორედ სამართლიანი ურთიერთობის ფონზე და არა იმ ცინიკური დამოკიდებულების, რაც, სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებით ვიხილეთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები