თეა წულუკიანი: ნამდვილი დებატები უნდა იმართებოდეს, როდესაც ასეთი საკითხი წყდება – შედგება კენჭისყრა და იქ გამოჩნდება, გაიმარჯვებს თუ არა ექსტრემისტი ქართული ოპოზიცია
„გამოვთქვი წუხილი, რომ ნამდვილი დებატები უნდა იმართებოდეს, როდესაც ასეთი საკითხი წყდება, მით უმეტეს იმ ქვეყნის, რომლის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგში განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო ასამბლეის მისაღებია.
„ჩვენ მოგვეცა ჩვენი პოზიციის გამოთქმის საშუალება, თუმცა როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, ალბათ რამდენიმე წუთში ეს არ უნდა წყდებოდეს და ამის შესახებ მე უკვე პლენარულ სხდომაზეც როდესაც მომეცა გამოსვლის საშუალება, გამოვთქვი წუხილი, რომ ნამდვილი დებატები უნდა იმართებოდეს, როდესაც ასეთი საკითხი წყდება, მით უმეტეს იმ ქვეყნის, რომლის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. შედგება კენჭისყრა და იქ გამოჩნდება, გაიმარჯვებს ექსტრემისტი ქართული ოპოზიცია და ჩვენს დელეგაციას გაუშვებენ ამ კედლებიდან, თუ ეს არ მოხდება“, – აღნიშნა წულუკიანმა.
ცნობისთვის, დღეს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელებს.