თეა წულუკიანი: ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში თავიანთი ადგილების დაკავებაზე, თუმცა უკვე მიიღეს და ჩაირიცხეს ის თანხები, რომლებიც ამ მანდატებისთვის ეკუთვნოდათ, დაახლოებით ორი მილიონი

არ შეიძლება საუბარი იყოს გაყალბებაზე, როდესაც გამარჯვებულ პარტიასა და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის 800 000 ხმის სხვაობაა, ამგვარი გაყალბება ბუნებაში არ არსებობს, არ შეიძლება, გაყალბებაზე საუბარი, როდესაც ხმები აღირიცხება ელექტრონული ტექნოლოგიით, რომელიც, სხვათა შორის, დასავლურმა კომპანიებმა დანერგეს საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ თავიანთი ადგილების დაკავებაზე, თუმცა უკვე მიიღეს და ჩაირიცხეს ის თანხები, რომლებიც მათ ამ მანდატებისთვის ეკუთვნოდათ.

„დასავლურმა კომპანიამ, და არა რუსულმა, ჩაატარა აუდიტი და დაადასტურა, რომ ამ ტექნოლოგიის წყალობით გაყალბება შეუძლებელი იყო. და თუ იყო რაიმე გადაცდომა, გამოძიება რვა სხვადასხვა შემთხვევაზე მიმდინარეობს. მაშინ რაში მდგომარეობს პრობლემა? პრობლემა ისაა, რომ არჩევნების შედეგი არ არის მოსაწონი. 2022 წლიდან საქართველოში გვაქვს შთაბეჭდილება – და ამას არამხოლოდ მე ვამბობ – რომ საქართველო უნდა დაისაჯოს ნებისმიერ ფასად.და ეს მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტზე მეტი კვლავ რუსულ ოკუპაციაშია, მაგრამ ზოგიერთი მაინც უწოდებს საქართველოს პრორუსულს და ცდილობს მის გარიყვას, დიალოგის გაგრძელებისა და დახმარების ნაცვლად. მაგალითისთვის, ევროკავშირმა უკვე განახორციელა სადამსჯელო ღონისძიება 2022 წელს, როდესაც კარი დაუხურა საქართველოს და კარი გაუღო უკრაინას იმ საფუძველზე, რომ იქ ომი მიმდინარეობდა.  ჩვენ არ მიგვიღია არანაირი ოფიციალური დასაბუთება დღემდე. არც გაწევრიანების მოლაპარაკებები ყოფილა ოდესმე გახსნილი ჩვენთვის, ამიტომ მცდარია მტკიცება, თითქოს ჩვენი მხრიდან შეჩერდა ეს მოლაპარაკებები.

მოლაპარაკებები არც კი არსებობდა და რაც არ არსებობდა, ვერ შეჩერდებოდა. ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ მოიპოვა საპარლამენტო მანდატები. ისინი უარს ამბობენ თავიანთი ადგილების დაკავებაზე. მათ მიმართეს მასიურად პარლამენტს და მოითხოვეს მანდატების დატოვება. ჩვენ დეკემბერში უნდა დაგვეკმაყოფილებინა ეს მოთხოვნები, მაგრამ კენჭისყრა გადავდეთ თებერვლამდე. იმედი გვაქვს, რომ ამ პერიოდში მუშაობას დაიწყებენ და ამ ასამბლეაშიც მათთვის დატოვებულ ვაკანსიებს დაიკავებენ. ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ თავიანთი ადგილების დაკავებაზე, თუმცა უკვე მიიღეს და ჩაირიცხეს ის თანხები, რომლებიც მათ ამ მანდატებისთვის ეკუთვნოდათ, დაახლოებით ორი მილიონი. ჩვენ მხოლოდ დიალოგს ვითხოვთ, მაგრამ, სამწუხაროდ, აქამდე არანაირი რეალური დებატი აქ არ არსებობს. ამ მხრივ სასიხარულო და იმედის მომცემი იყო ბატონი გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში, რისთვისაც მინდა, მას მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები