ვოლსკი – როთის ვიზიტზე: მიხაილ როთი არის ერთ-ერთი სეგმენტი სცენარისა, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებები გააჩნია; ეს ყველაფერი ერთად შეკრა მაკკეინის ანგარიშმა, რომელიც ელოდებოდა აქ სისხლის ღვრას
“გერმანელი პოლიტიკის აუტსაიდერის ეს ვიზიტი შეიძლება, არც არაფრად მივიჩნიოთ. სამწუხაროა, რომ ხალხი ხვდება ქუჩაში და ყვავილების თაიგულებს ჩუქნის და ხელკავით დასეირნობენ. მაგრამ ასეთი უტიფარი და მტრული განცხადებები საქართველოს მიმართ, როგორიც როთმა გააკეთა, ჩვენ სხვებისგანაც მოვისმინეთ”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა და გერმანელი პოლიტიკოსის, მიხაილ როთის, საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.
„ეს ყველაფერი ერთად შეკრა მაკკეინის ანგარიშმა, რომელიც ელოდებოდა აქ სისხლის ღვრას, შეჯახების კვალდაკვალ ისეთ სისხლის ღვრას, რომელიც თუნდაც გერმანიაში ახლა მოხდა, 5 კაცი დაიღუპა, საფრანგეთში 11-ია დაღუპული. ეს ევროპისთვის არ არის სიახლე, პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის დაპირისპირება, მაგრამ სწორედ საქართველოში უნდოდათ იმ ბოროტების დანახვა, რასაც ჰქვია ადამიანის მიერ ადამიანის მოკვდინება. რასაც „ნაცმოძრაობა“ 2012 წლამდე ჩვეულებრივად აკეთებდა. ეს ყოველდღიურობა იყო. ამის გამეორება საქართველოში უნდოდათ. მიხაილ როთი არის ერთ-ერთი სეგმენტი ამ სცენარისა, რომელიც დაიწერა და რომელსაც სხვადასხვა მიმართულებები გააჩნია.
მაგალითად, ქარტია, რომლის გარშემო უნდა შეკრიბოს პოლიტიკური სუბიექტები და რომელსაც სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგება ვინაიდან მას სისხლში არ აქვს ხელები გასვრილი და ამათაც კი არ ეამაყებათ ვინც იქ დგანან ქუჩაში და ისინიც ამტკიცებენ გულზე მჯიღს იკრავენ, რომ ჩვენ არა, „ნაცმოძრაობასთან“ რა გვაქვს საერთო?! აბა ვისთან გაქვთ საერთო?“, – განაცხადა ვოლსკიმ.