“ჯო უილსონისგან ობიექტურ შეფასებას, სამწუხაროდ, არ უნდა ველოდოთ” – გიორგი ვოლსკი
“ჯო უილსონისგან ობიექტურ შეფასებას სამწუხაროდ არ უნდა ველოდოთ. კონგრესმენია, აქვს თავისი გარკვეული გავლენა, პოლიტიკური წონა, მაგრამ აბსოლუტურ სიცრუეს ავრცელებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი აცხადებს, რითაც შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებას ეხმაურება.
“ჩინეთთან არაფერი უცხო არ ხდება ამ ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით. მით უმეტეს, ეს უცხო არ არის ევროკავშირის ქვეყნებისთვის, რომელთაგან არაერთს აქვს ძალიან ფართო ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში ხელშეკრულებები დადებული, მათ საკმაოდ დიდი და სერიოზული პაკეტი აქვთ და ჩინეთის მხრიდან დაშვებულია თავისუფალი ვაჭრობა. რასაკვირველია, ჩვენთვის საგანგებო ინტერესის საგანს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, სადაც მოიაზრებიან არამხოლოდ რესპუბლიკელები, არამედ დემოკრატები ეს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს სჭირდება”, – აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, ჯო უილსონმა დაწერა: “მას [ტრამპს] ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმისა და “ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა” და ირანის რეჟიმთან, რომელმაც მისი მკვლელობა დაგეგმა, კორუფციული გარიგებების შესახებ მოვახსენე. ასევე, მას საქართველოს მეგობრების წერილი გავუზიარე”.