„ევროინტეგრაციის პროცესი არათუ შეჩერდა, არამედ საქართველო ამ კუთხით მოწინავე პოზიციაზეა და 2030 წელს ეკონომიკური და პოლიტიკური მონაცემებით ევროკავშირის წევრობის რეალური კანდიდატი იქნება“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, აცხადებს.
გია ვოლსკი საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებებს აფასებს, როგორც უსამართლოს.
„საქართველოს ასეთი შეფასება არ ეკუთვნის. ადამიანები გამოდიან გარეთ და გამოხატავენ გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციას, მაგრამ ეს ევროპისთვის სიახლე არ არის. არც პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებაა სიახლე. არც მომიტინგეების მიმართ საკმაოდ სასტიკი ანგარიშსწორება არ არის რაიმე სიახლე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის
მნიშვნელოვანი რაოდენობის შემთხვევაში, გაცილებით სასტიკია ეს ანგარიშსწორება, ვიდრე საქართველოში მოხდა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიცია ასეთი სერიოზული შეტევის ქვეშ იმყოფებოდა. არ არის პოლიციაზე ასეთი ბრუტალური შეტევა – არ არის ძალის გამოყენება. გამორიცხულია, რომ პოლიციის მხრიდან ძალისმიერი მეთოდების გამოყენების პერიოდში, არ მოხდეს თუნდაც ძალის გადამეტება ცალკეულ შემთხვევაში. არანორმალური ატმოსფერო, ფსიქოლოგიური ვითარება იქმნება ამ დროს და ეს მხოლოდ ქართველ პოლიციელს არ ეხება. შემაძრწუნებელია, როდესაც ადამიანი, მით უმეტეს, თუ დამნაშავე არ არის, განიცდის ფიზიკურ ზეწოლას, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც არ ახსენებ, მათ შორის ქალბატონი კოსი, რომ ეს განაპირობა პოლიციაზე ასეთმა გააფთრებულმა შეტევამ, როდესაც 200-ზე მეტი ადამიანი ფიზიკურად არის დაშავებული. თანაც, სიცოცხლისთვის საშიში შეტევაა განხორციელებული პოლიციელების მიმართ პიროტექნიკით და „მოლოტოვის კოქტეილებით“. ამას რომ არ ამბობ და ამბობ მეორე მხარეს, კი, დაზიანდნენ მომიტინგეები, მაგრამ დაზიანების ის ხარისხი არ ყოფილა, რაც ახლახან გერმანიაში ვიხილეთ.
არჩევნების შეფასება, რაც მოლდოვაში ვიხილეთ, ის თუ მისაღებია და საქართველოში ჩატარებული ელექტრონული არჩევნები მიუღებელია, აქ უკვე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, რაშია საქმე? რა უნდათ პატარა ქვეყნისგან, თუ არა გარკვეული ქმედებები, რათა დამძიმდეს სიტუაცია, სისხლი დაიღვაროს და ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდით შეიცვალოს. ის ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც ცალ ფეხზე დადგება და ყურმოჭრილი მონის როლს შეასრულებს ყოველგვარი ეროვნული ინტერესის გათვალისწინების გარეშე. დიდი სიცრუეა, რაც გავრცელდა, რომ საქართველომ რაიმე შეაჩერა. ევროინტეგრაციის გზაზე პროცესი მეტყველებს, რომ ეს სიცრუე, ყურით მოთრეული სხვა ინტერპრეტაცია განცხადების, რომელიც მთავრობის მეთაურმა გააკეთა, რაღაცას გულისხმობს და კონკრეტულ მიზანზეა ორიენტირებული. ეს მიზანი აშკარად გამოხატა თუნდაც მიხაელ როთმა ან ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, როდესაც ახალგაზრდებს პირდაპირ მოუწოდებენ, ძალა გამოიყენონ, სისხლი დაღვარონ და სცენარი წავიკითხეთ მაკკეინის ინსტიტუტის ბოლოს განცხადებაში. სხვა მიზეზი არ არსებობს.
ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლობა ემსახურება კონკრეტულ ამოცანას. ევროინტეგრაციის არანაირი პროცესი არ შეჩერებულა. მზად ვართ, ხვალვე დავიწყოთ მოლაპარაკებები ნებისმიერი მიმართულებით ან მიტინგი გამართონ ევროკავშირის საელჩოსთან და მოითხოვონ მოლაპარაკებების დაწყება.
არათუ რაიმე პროცესი გვაქვს შეჩერებული, არამედ ყველაზე წინ ვართ მოცემულ პერიოდში და 2030 წელს ჩვენ ვიქნებით ის ქვეყანა, რომელიც ეკონომიკური და პოლიტიკური მონაცემებით იქნება ევროკავშირის წევრობის რეალური კანდიდატი. ევროკავშირში წევრობა ვინმესთან საკეკლუცოდ კი არ გვინდა – ჩვენთვის გამოსაყენებლად. ვინმეს მიმართ ნიშნის მოგებისთვის კი არ გვინდა, არამედ ევროკავშირის ცხოვრების სტანდარტი, ეკონომიკური და პოლიტიკური, არის ის თემა, რომელიც ჩვენ მოგვწონს და მიგვაჩნია, რომ სწორია ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც გედავებიან, რომ ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდა არ უნდა აკრძალო, ამის გამო თავად ჯერ კიდევ ივლისში წყვეტენ ამ პროცესს და ამბობენ, რომ საქართველომ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, ნოემბერში მას აღარ უნდა დააბრალო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რაიმე შეწყვიტა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
იმავდროულად, გია ვოლსკი ამბობს, რომ ომისა და მშვიდობის თემა კვლავ საკვანძო საკითხია, რაც დღეს მსოფლიოს აინტერესებს.
„როდესაც უსამართლობაა, ჩვენთვის ბევრი საკითხია დამაფიქრებელი და ეს უკავშირდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. თუნდაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იხილეთ პროცესები, როდესაც საქართველოზე ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებდნენ, რათა საომარ პროცესებში ჩართულიყო და ახლაც ომის თემა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ომისა და მშვიდობის თემა კვლავ საკვანძო საკითხია, რაც დღეს მსოფლიოს აინტერესებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა „საქართველოში ვითარება არის ნათელი შეხსენება, რომ ევროკავშირის წევრობისკენ გზა არ არის მარტივი და რომ უკუსვლა შეიძლება მოხდეს და ის ხდება“.
მისივე თქმით, „ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ხელისუფლება განაგრძობს ევროინტეგრაციისგან დაშორებას“.
„ქართველი ხალხის მიერ ევროინტეგრაციის არჩევანი არის საკონსტიტუციო ვალდებულებით გაწერილი და ისინი ყოველ ღამეს გამოდიან ქუჩაში, რადგან მათ ნათლად სურთ ამის შენარჩუნება. ხელისუფლების ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა მარტა კოსმა.