რობერტ ფიცო მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მოულოდნელად ჩავიდა.

ფიცომ, რომელიც კრიტიკულადაა განწყობილი კიევისთვის ევროკავშირის მიერ სამხედრო დახმარების მიწოდების მიმართ, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პუტინთან სლოვაკეთში რუსული გაზის იმპორტი განიხილა, რადგან სლოვაკეთი მეტწილად სწორედ რუსულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული.

შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსული კომპანია Gazprom სლოვაკეთს უკრაინის გავლით ბუნებრივ აირს მიაწვდის, ვადა წლის ბოლომდე გასდის.

ფიცომ განაცხადა, რომ მოსკოვში გამართული შეხვედრა რეაქცია იყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ევროკავშირის ლიდერების მიმართ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ უკრაინა მისი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროკავშირისთვის მიწოდებას ეწინააღმდეგება.

ფიცომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ევროპის გაზით მომარაგების აღსადგენად მზად არის.

ფიცომ ასევე თქვა, რომ ამ ეტაპზე ევროპაში რუსული გაზის იმპორტს უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია უშლის ხელს. გასულ კვირას ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის გავლით ევროპაში გაზი აღარ შევა.

“ჩემი შეხვედრა რეაქცია იყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რომელმაც თქვა, რომ იგი უკრაინის გავლით ჩვენს ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტის წინააღმდეგია” – აღნიშნა ფიცომ.

სლოვაკეთთან ერთად უნგრეთიც, რომელიც ასევე რუსულ გაზზეა დამოკიდებული, მიწოდების შესაძლო შეწყვეტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები