მაკრონი: უკრაინელებს უნდა მიეცეთ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები
უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინელების თანხმობითა და მონაწილეობით სამშვიდობო მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთმა უკრაინას მომავალში უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები უნდა მისცეს.
მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი დღეს გადამწყვეტ როლს თამაშობს უკრაინის დახმარებაში სამხედრო, ლოგისტიკური და ჰუმანიტარული ასპექტებით და ეს ყველა ევროპულმა ქვეყანამ უნდა იცოდეს.
მისივე თქმით, საფრანგეთი და პოლონეთი შეთანხმდნენ უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც რუსული შეტევა გრძელდება.
„ჩვენ ასევე გვაქვს საერთო შეხედულება მომავალზე: მხოლოდ ხანგრძლივი მშვიდობაა შესაძლებელი და ამას უკრაინელებმა მოლაპარაკებების გზით უნდა მიაღწიონ. აუცილებელია უკრაინელებს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები მივცეთ“, – განაცხადა მაკრონმა.
მანვე დასძინა, რომ პარიზი და ვარშავა ერთხმად აცხადებენ, რომ „უკრაინაში მშვიდობა შეუძლებელია უკრაინელების თანხმობის გარეშე“.