ნინო წილოსანი: რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების გახსნა მნიშვნელოვანი პროცესია, თუმცა ასევე გამოგვივლია ბევრი სხვა ეტაპი, რომელიც ფორმალური ხასიათის არის, იგივე კანდიდატის სტატუსის მიღება

“ჩვენი განცხადება რომ 2028 წლისთვის ამ ვალდებულებებიდან 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი მოკავშირეებისთვისაც, რომ საქართველო გააგრძელებს ამ პროცესისთვის მომზადებას”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

“საქართველოსა და ევროკავშირს შორის არის ორი მსხვილი დოკუმენტი, ეს არის ასოცირების შეთანხმება, რომელშიც 90%-ით არის გაწერილი ის წინაპირობები, რომლითაც საქართველო უნდა მოემზადოს ევროკავშირში შესასვლელად, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.

ჩვენი განცხადება რომ 2028 წლისთვის ამ ვალდებულებებიდან 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი მოკავშირეებისთვისაც, რომ საქართველო გააგრძელებს ამ პროცესისთვის მომზადებას.

ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ თავად ევროკავშირის მხრიდან, შარლ მიშელის განცხადება არის, რომ 2030 წლამდე ევროკავშირი არ ხსნის კარს წევრების მისაღებად. ეს 2028 წელი, რაც ჩვენი მხრიდან გაჟღერებული იქნა, არ არის ამოგლეჯილი კონტექსტი.

თავად ევროკავშირის მხრიდან, ერთადერთი კონკრეტული განცხადება რაც არის გაკეთებული, ეს არის ის, რომ 2030 წელს მიიღებენ ახალ წევრებს. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორისაც არ არის ამ თემასთან დაკავშირებით კონსენსუსი, რომ 2030 წელს ნამდვილად გახსნიან თუ არა კარს ახალი წევრებისთვის. ამიტომ არ არის ალოგიკური ჩვენი განცხადება, 2028 წელსაც კი ვიქნებით მზად ევროკავშირში შესასვლელად.

რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების გახსნა მნიშვნელოვანი პროცესია, თუმცა ასევე გამოგვივლია ბევრი სხვა ეტაპი, რომელიც ფორმალური ხასიათის არის, იგივე კანდიდატის სტატუსის მიღება. ვნახეთ, რამხელა აჟიოტაჟი იყო ატეხილი ამ თემაზე, თუმცა კანდიდატის სტატუსის მიღება, როგორც ვამბობდით, გამოჩნდა ფორმალური, ერთით მეტი გადასალახი ბარიერი, რომლის შემდგომაც არაფერი რადიკალური ჩვენს მოლაპარაკებებში არ იცვლება, თუმცა არის ერთ ეტაპზე გადასვლა. სწორედ ასეთი ეტაპი არის მოლაპარაკებების გახსნა, რომელსაც ვითხოვთ.

თუ ვინმე ჩვენთან ერთად ითხოვს ამას, მოვუწოდებ, რომ თავად ევროკავშირს მოვთხოვოთ და ევროკავშირის მიმართ იყოს ეს განცხადება იმიტომ, რომ ჩვენი მოთხოვნაა, რომ თუ ამ წამს არ დაიდება მოლაპარაკებების გახსნის დოკუმენტი, ჩვენ ამავე წამს მოვაწერთ ხელს. აქ სადავო რა არის ვერ ვხვდები. ხელოვნურად შექმნილ პრობლემასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ამ ხელოვნურად შექმნილმა პრობლემამ მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები წამოიკიდა, ის ადამიანები, ვისაც ისედაც არ სურთ დაიჯერონ, რომ ევროპულად განვითარებულ საქართველოში ცხოვრობენ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები