პიანისტი, რომელიც ომში მშვიდობისთვის უკრავდა

სირიის სამოქალაქო ომის შუაგულში, სადაც ყველა კუთხიდან ნგრევა და სასოწარკვეთა მოჩანდა, ახალგაზრდა მუსიკოსმა, სახელად აეჰამ აჰმედმა იმედი გააჩინა. „იარმუკის პიანისტის“ სახელით ცნობილმა აჰმედმა საკუთარი სიცოცხლით გარისკა, რათა ალყაში მოქცეული ლტოლვილთა ბანაკის ქუჩები მუსიკით აევსო. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ყველაზე ბნელ დროსაც კი, ხელოვნება შეიძლება, წინააღმდეგობის ძალიან ძლიერ აქტად იქცეს.

აჰმედი 1988 წელს იარმუკში დაიბადა, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში, დამასკოში, სირიაში. ბავშვობიდან მუსიკა მისი ცხოვრების ნაწილი იყო – მამამ, ინსტრუმენტების მწარმოებელმა, მას მუსიკის ძალა აგრძნობინა. აჰმედი დამასკოს კონსერვატორიაში სწავლობდა და პიანისტის მომავალზე ოცნებობდა.

თუმცა, როდესაც 2011 წელს სირიის სამოქალაქო ომი დაიწყო, ეს ოცნებები დაიმსხვრა. იარმუკი საომარ ზონად იქცა, ალყაში მოექცა და დაიბომბა, მისი მოსახლეობა კი, საკვების, წყლისა და მედიკამენტების გარეშე დარჩა. ამ ყველაფრის ფონზე, აჰმედმა გადაწყვიტა, ემოქმედა. მან თავისი ფორტეპიანო იარმუკის ქუჩებში გაიტანა და დაკვრა დაიწყო. მისი მუსიკა ნანგრევებში ისმოდა და გარშემო მყოფ ადამიანებს დროებით მაინც ავიწყებდა ომს. ბავშვები იკრიბებოდნენ, მღეროდნენ და მათი ხმა აფეთქებებზე ხმამაღლა ისმოდა. ეს წარმოდგენები, საბოლოოდ, სასოწარკვეთილების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

იარმუკის ნანგრევებში აჰმედის „საღამოებს“, რასაკვირველია, იღებდნენ და მალე ამ ვიდეომასალებმა ინტერნეტშიც დაიწყო გავრცელება. ერთ ასეთ ვიდეოში „იარმუკის პიანისტი“ ბეთჰოვენის ერთ-ერთ კომპოზიციას ასრულებდა, ხოლო ბავშვები მის ირგვლივ, დანგრეული შენობების შუაგულში ცეკვავდნენ. ამ კადრებმა აჰმედი იმედის გლობალურ სიმბოლოდ აქცია.

სამწუხაროდ, 2015 წელს მებრძოლებმა გაანადგურეს აჰმედის ფორტეპიანო, გააჩუმეს მისი ინსტრუმენტი და მის სიცოცხლესაც სერიოზული საფრთხე შეუქმნეს. მუსიკოსს არჩევანი არ ჰქონდა, ის სირიიდან გაიქცა და სახიფათო მოგზაურობას შეუდგა. თურქეთში, საბერძნეთსა და ბალკანეთში მოგზაურობის შემდეგ, თავშესაფარი, საბოლოოდ, გერმანიაში იპოვა.

უსაფრთხოდ, მაგრამ სახლიდან შორს, აჰმედმა დაკვრა განაგრძო. ის თავის მუსიკას ლტოლვილების უფლებების დაცვას უძღვნიდა. ის არა მხოლოდ უკრავდა, არამედ ევროპის სხვადასხვა დარბაზიდან ადამიანებს თანაგრძნობისა და მოქმედებისკენ მოუწოდებდა.

2016 წელს აჰმედმა გამოაქვეყნა მემუარები, სახელწოდებით — „იარმუკის პიანისტი“ — სადაც მსოფლიოს საკუთარი ისტორია გაუზიარა. ის წამოწყებულ საქმეს დღესაც აგრძელებს და მაგალითს აძლევს უამრავ ადამიანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები