უსინათლო მასწავლებელი, რომელმაც ადამიანების ცხოვრება შეცვალა — საბრიე ტენბერკენის ისტორია
დღეს მორიგ საოცარ ადამიანზე უნდა გიამბოთ. საბრიე ტენბერკენის ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომ ადამიანის გადაწყვეტილებას ნებისმიერი შეზღუდვის დაძლევა შეუძლია. 12 წლის ასაკში მხედველობადაკარგული საბრიე არა მხოლოდ სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს, არამედ უამრავ ადამიანს აძლიერებს და შთააგონებს.
გერმანიაში დაბადებულმა საბრიე ტენბერკენმა მხედველობა ბადურის იშვიათი დაავადების გამო დაკარგა. მშობლები მოუწოდებდნენ მას, აესრულებინა ოცნებები და ასწავლიდნენ, რომ ამ მიზეზის გამო, არ უნდა დანებებულიყო. ენებისა და კულტურებისადმი მისმა გატაცებამ საბოლოოდ გადააწყვეტინა გოგონას, ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებული სალექციო კურსები გაევლო. სწორედ აქ წააწყდა ის დიდ გამოწვევას: ტიბეტურ ენას, რომელსაც არ აქვს ჩამოყალიბებული ბრაილის სისტემა.
და აქ მოხდა ყველაზე საოცარი რამ. საბრიემ თავად შექმნა მსოფლიოში პირველი ტიბეტური ბრაილის ანბანი, ეს მიღწევა კი, გახდა გარდამტეხი მომენტი მის მომავალ ცხოვრებაში.
1997 წელს საბრიე ტიბეტში გაემგზავრა, რეგიონში უსინათლო ბავშვების მხარდაჭერის სურვილით. ტიბეტში მხედველობადაქვეითებული ბავშვები იზოლირებულნი, უგულებელყოფილნი ან მიტოვებულნი იყვნენ. საბრიეს სწორედ ამ ნარატივის შეცვლა სურდა.
1998 წელს მან ტიბეტში დააარსა უსინათლოთა სკოლა „ბრაილი საზღვრებს გარეშე“. სკოლა ბავშვებს სთავაზობდა ჰოლისტიკურ განათლებას, ასწავლიდა ბრაილის შრიფტს, მათემატიკას, მუსიკას და ავითარებინებდა საჭირო ცხოვრებისეულ უნარებს. საბრიეს თანაგრძნობამ და ერთგულებამ მრავალი ახალგაზრდა ტიბეტელის ცხოვრება შეცვალა.
საბრიეს ბრძოლა მალე საკლასო ოთახებს გასცდა. მან დანერგა პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომელიც ეხმარებოდა სტუდენტებს, განევითარებინათ უნარები, რომლებიც მათ სამომავლოდ ფინანსურ დამოუკიდებლობაში დაეხმარებოდა. ორგანიზაციამ, ასევე, წაახალისა საზოგადოებასთან ურთიერთობა, დაიწყო სერიოზული მუშაობა ცნობიერების ამაღლების კუთხით, უსინათლოობასთან დაკავშირებული სტიგმის შესამცირებლად. საბრიეს ისტორიას ფართო რეზონანსი მოჰყვა, რამაც, მსგავსი ინიციატივების განსახორციელებლად, სხვა ადამიანებიც შთააგონა.