ქვემო ქართლში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლში დიდი ოდენობით ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას მიმდებარედ, არალიცენზირებულ ტერიტორიაზე, მოქალაქე ინერტული მასალის უკანონო მოპოვებას სპეციალური ტექნიკის, ექსკავატორის საშუალებით ახდენდა.
სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული 91 134 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში და სპეციალური სამსხვრევი დანადგარით, მოპოვებული ბუნებრივი რესურსის უკანონო გადამუშავებას ახდენდა.
სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 1 367 210 ლარია.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შსს-ს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.
ლევან ჯღარკავას თქმით, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.
„ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ და ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. პარალელურად, 2025 წლის ივნისიდან დეპარტამენტს დაემატა წიაღის ლიცენზიის პირობების კონტროლიც, რა დროსაც ასევე მოხდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტების პრევენცია და გამოვლენა“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ.