„ბასრას ბიბლიოთეკარი“: ალია მუჰამედ ბეიკერის ბრძოლა ერაყის მემკვიდრეობის გადასარჩენად

ომის დროს ხშირად ვიგებთ ინფორმაციას გმირული ისტორიებისა და იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც, საკუთარი გამბედაობის წყალობით, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეძლეს. ერთ-ერთი ასეთი შთამაგონებელი შემთხვევა ერაყელი ბიბლიოთეკარის, ალია მუჰამედ ბეიკერის ისტორიაა, რომელმაც ბომბების წვიმაში სიცოცხლით გარისკა და თავისი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი — წიგნები — გადაარჩინა.

ალია მუჰამედ ბეიკერი, ბასრას ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მუშაობდა. მისი სიყვარული წიგნებისა და ცოდნისადმი განუზომლად დიდი იყო. იგი წლების განმავლობაში ზრუნავდა ბასრას ბიბლიოთეკაში არსებულ კოლექციაზე, ძვირფას ხელნაწერებზე, იშვიათ წიგნებსა და ისტორიულ ტექსტებზე, რომლებიც  ერაყულ და ისლამურ მემკვიდრეობას მოიცავდა.

2003 წელს ერაყის ომი დაიწყო და ბასრა მუდმივი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ალიას ეშინოდა, რომ ბიბლიოთეკა განადგურდებოდა და მასთან ერთად, თაობების მანძილზე შემონახული ფასდაუდებელი ხელნაწერები და წიგნებიც ვეღარასდროს იხილავდნენ დღის სინათლეს. ბიბლიოთეკარმა მიმართა ადგილობრივ ჩინოვნიკებს და კოლექციის უსაფრთხო ადგილას გადატანა სთხოვა, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ამიტომაც ალიამ ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო. მან ჩუმად დაიწყო ბიბლიოთეკიდან წიგნების გამოტანა. კონტრაბანდულად გამოჰქონდა ისინი და მალავდა საკუთარ სახლში ან მეგობრებისა და მეზობლების სახლებში. მისი მიზანი მარტივი იყო: რაც შეიძლება, მეტი წიგნი უნდა გადაერჩინა.

ომის გამწვავებასთან ერთად, ბიბლიოთეკარის მისია კიდევ უფრო საშიში გახდა, თუმცა ალიამ და მოხალისეთა ჯგუფმა, წარმოუდგენელი შეძლეს — მათ 30000-ზე მეტი წიგნის გადარჩენა მოახერხეს, რაც ბიბლიოთეკის კოლექციის, თითქმის, 70%-ს წარმოადგენდა. ცოტა ხნის შემდეგ ბიბლიოთეკის შენობა დაინგრა, მაგრამ, ალიას მამაცობის წყალობით, წიგნები და ხელნაწერები გადარჩა.

ასეთი გამბედაობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ალია ცნობილი გახდა, როგორც „ბასრას ბიბლიოთეკარი“ და მისი ამბავი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამ ისტორიამ ბევრი ადამიანი შთააგონა და უფრო მეტად გაააზრებიანა მათ კულტურის შენარჩუნების მნიშვნელობა, განსაკუთრებით კი, კონფლიქტების დროს. დღეს, ალია მუჰამედ ბეიკერის ისტორია ხალხს ახსოვს, როგორც თვალსაჩინო მაგალითი გამძლეობის, თავდადებისა და რწმენისა, რომ ცოდნისთვის ბრძოლა ყოველთვის ღირს. ისტორიისა და კულტურის შენარჩუნება საკუთარი ქვეყნისა და მომავალი თაობებისთვის აუცილებელია. ალიას მიერ გადარჩენილი წიგნები კი, რჩება იმის ნათელ შეხსენებად, რომ ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ადამიანებს დიდი საქმეების კეთება შეუძლიათ.

სამწუხაროდ, ალია მუჰამედ ბეიკერი 1921 წლის 13 აგვისტოს, 69 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები