“არ დაგავიწყდეს, რომ ამერიკული ჯარები ევროპაშიც არიან” – ტრამპმა პუტინს დაურეკა

„ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) რუბრიკით – „ექსკლუზივი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ტრამპმა პუტინთან ტელეფონით ისაუბრა და რუს ლიდერს სთხოვა, უკრაინაში სიტუაცია არ გაამწვავოს“.

როგორც ირკვევა, დონალდ ტრამპმა, როცა ვლადიმერ პუტინთან საუბარი დაასრულა, ეს ამბავი, იმავდროულად, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეატყობინა. ასე რომ, უკრაინის ოფიციალური პირები საქმის კურსში არიან დონალდ ტრამპის ურთიერთობაზე რუსეთის პრეზიდენტთან, უკრაინის პრობლემის დიპლომატიურ მოგვარებასთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპის პირველი სატელეფონო საუბრები მსოფლიოს ლიდერებთან ჯერჯერობით აშშ-ის მთავრობის, კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის მონაწილეობისა და მხარდაჭერის (თარჯიმნების) გარეშე ხორციელდება. ჯერ კიდევ არ არის გაფორმებული შეთანხმება აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასა და პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპის გარდამავალ გუნდს შორის, რაც სტანდარტულ პროცედურას წარმოადგენს, მმართველობის შეცვლასთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დონალდ ტრამპი და მისი თანაშემწეები ეჭვის თვალით უყურებენ თეთრი სახლის ადმინისტრაციასა და მთავრობის ჩინოვნიკებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს კონფიდენციალური სატელეფონო საუბრების ირგვლივ ინფორმაცია გაიჟონა. „ამ დღეებში [უცხოელი ლიდერები დონალდ ტრამპს], უბრალოდ, პირდაპირ ურეკავენ“, – თქვა ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელიც საქმის კურსშია.

„დონალდ ტრამპმა ძლევამოსილად გაიმარჯვა ამ ისტორიულ არჩევნებში. მსოფლიოს ლიდერებმა იციან, რომ აშშ აუცილებლად დაუბრუნდება თავის ადგილს საერთაშორისო არენაზე. სწორედ ამიტომ უცხოეთის სახელმწიფოების მეთაურები ცდილობენ დონალდ ტრამპთან – აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტთან – ურთიერთობა განავითარონ. მათ კარგად იციან, რომ დონალდ ტრამპი გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას განასახიერებს“, – აღნიშნავს სტივენ ჩუნგი, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი თავის ელექტრონულ წერილში.

მოსკოვი თავდაპირველად ერთგვარი გულგრილობით შეხვდა ინფორმაციას დონალდ ტრამპის გამარჯვების შესახებ. კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა იმავე დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი არ გეგმავდა „არამეგობრული ქვეყნის ახალ ლიდერთან საუბარს და მისადმი მილოცვას – აშშ ხომ ირიბად არის ჩაბმული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ომში“. თუმცა პესკოვის ნათქვამიდან არ გასულა რამდენიმე საათი და ვლადიმერ პუტინმა [„ვალდაის კლუბის“ წევრებთან შეხვედრის დროს] საჯაროდ მიულოცა დონალდ ტრამპს გამარჯვება, აღნიშნა მისი სიმამაცე პენსილვანიაში მომხდარი თავდასხმის დროს და თქვა, რომ მზად არის არჩეულ პრეზიდენტთან სალაპარაკოდ.

უკვე ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ, კვირას, 10 ნოემბერს, რუსეთის სამთავრობო ტელეარხმა „როსიამ“ ეთერში გაუშვა ინტერვიუ დიმიტრი პესკოვთან, რომლის დროსაც კრემლის პრეს-მდივანმა კომენტარი გაუკეთა ორ მსოფლიო ლიდერს შორის ტელეფონით საუბარს და ურთიერთობის გაუმჯობესების სიმპტომები დადებითად შეაფასა. „დონალდ ტრამპი მთელი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამბობდა, რომ მას შეუძლია ისეთი გარიგების დადება, რომელიც ყველას მშვიდობას მოუტანს. ანუ იგი აცხადებდა მშვიდობისაკენ სწრაფვას და არა კონფრონტაციასა და რუსეთის სტრატეგიული დამარცხების სურვილს“.

დიმიტრი პესკოვმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის დამოკიდებულება უკრაინასთან პროგნოზირებადია, დონალდ ტრამპი კი შედარებით უფრო ნაკლებად პროგნოზირებად პიროვნებას წარმოადგენს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად ერთგული იქნება დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადებების მიმართ. მოდით, ცოტა მოვითმინოთ და სიტუაციას მერე შევხედოთ“.

ერთ-ერთმა ყოფილმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა, რომელიც ტრამპ-პუტინს შორის განხორციელებული სატელეფონო საუბრის საქმის კურსშია, თქვა, რომ დონალდ ტრამპს, სავარაუდოდ, არ სურს პრეზიდენტის უფლებამოსილება ოფიციალურად იმ დროს მიიღოს (მხედველობაშია მისი ინაუგურაცია), როცა რუსეთ-უკრაინის ომი გამწვავებული იქნება, ამიტომ მან ვლადიმერ პუტინს მიანიშნა, რომ ომის ესკალაცია არ დაუშვას.

რაც შეეხება დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარს, როგორც საქმის კურსში მყოფი ანონიმი ჩინოვნიკი ამბობს, მას მეგობრული ხასიათი ჰქონდა, თუმცა კიევი მაინც შეშფოთებულია იმით, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს სიტუაცია შეიძლება უკრაინისათვის ნეგატიურად შეიცვალოს.

უკრაინას ყოველთვიურად სჭირდება მილიარდობით დოლარის ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა, რომ მან რუსეთის – უფრო დიდი და ძლიერი, უფრო კარგად აღჭურვილი მოწინააღმდეგის შეტევები მოიგერიოს. რუსეთმა ბოლო დროს უკრაინის ფრონტებზე გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. დონალდ ტრამპი ხშირად ამბობს ხოლმე, რომ ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს რუსეთ-უკრაინის ომი ძვირი უჯდებათ. მას ასევე არაერთხელ უთქვამს კერძო საუბრებში, რომ უკრაინას მშვიდობის სანაცვლოდ, ალბათ, მოუწევს თავისი ტერიტორიის ნაწილზე უარის თქმა, კერძოდ, ყირიმზე.

გავიხსენოთ, რომ უკრაინის ხელმძღვანელებსა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა იმით გამწვავდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სექტემბერში, აშშ-ში ვიზიტის დროს ერთ-ერთ „მოყოყმანე“ შტატს – პენსილვანიას ეწვია, რომელიც ჯო ბაიდენის მშობლიურ შტატს წარმოადგენს (იგი იქ დაიბადა და გაიზარდა). ამ ფაქტმა დონალდ ტრამპის მოკავშირეების, კერძოდ, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკლ ჯონსონის აღშფოთება გამოიწვია – მან ვოლოდიმირ ზელენსკის პენსილვანიაში ყოფნა პოლიტიკურ ტრიუკად შეაფასა და უკრაინის ლიდერს აშშ-ში უკრაინის ელჩის ოქსანა მარქაროვის თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვა – სწორედ მან, ელჩმა, გაუწია ორგანიზაცია პრეზიდენტის პენსილვანიაში ჩასვლას.

როგორც ამბობენ, ამჟამად ვოლოდიმირ ზელენსკი განიხილავს ოქსანა მარქაროვის პოსტიდან მოხსნის და მის ნაცვლად სხვა ელჩის დანიშვნის საკითხს, თუმცა ვაშინგტონში არსებული უკრაინის საელჩო კომენტარს არ აკეთებს”,- წერია სტატიაში, რომლის ქართულ თარგმანს “კვირის პალიტრა” ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები