„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გივი მიქანაძე, გამოცემა „ტაბულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მამაკაცმა ქალის პირადობის მოწმობით სცადა ხმის მიცემა.
მიქანაძის განმარტებით, სინამდვილეში, საარჩევნო უბანზე მისულ დედა-შვილს აერიათ მოწმობები და შვილმა დედის პირადობის მოწმობა მიაწოდა რეგისტრატორს.
„აღმოჩნდა, რომ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ დედა-შვილს აერიათ პირადობის მოწმობები, ფაქტის გავრცელება წარმოადგენს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.
ცნობისთვის, „ტაბულამ“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კასპის სოფელ ფერმაში განთავსებულ 24-ე საარჩევნო უბანში, მამაკაცმა სცადა ქალის პირადობის მოწმობით ხმის მიცემა, რაც იქ მყოფმა დამკვირვებლებმა დააფიქსირა.