დაწერილ 102 საჩივარს შორის, არსებითი ხასიათის ისეთი საჩივარი არ არის, რომელსაც შეუძლია, საარჩევნო პროცესზე რაიმე სახით ზეგავლენა მოახდინოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რაც შეეხება მარნეულის საარჩევნო ოლქის, 69-ე უბანს, აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოს
თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა.
„ცესკოს თავმჯდომარემ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ამ უბნის შედეგები გათვალისწინებული არ იქნება და აღნიშნულ უბანში არჩევნების პროცესი შეჩერდა და შესაბამისად, ამ უბნის მოცემულობა არ იქნება ასახული საერთო შედეგებში“, – აღნიშნა მიქანაძემ.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი დამკვირვებელი მარნეულის N69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ათეულობით კონვერტს ყრის. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.