მამუკა მდინარაძე: ახლა არის ბოლო ცდა გარე ძალების, რომ საქართველოში ჩამოშორდეს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას, რადგან არ ვიწყებთ ომს

ევროკავშირის წარმომადგენლების დამოკიდებულების შეცვლა მოხდება მყარი გამარჯვებით და საქართველოს მიმართ ცუდი ინტერესის დაკარგვით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ასეთი მიამიტური დამოკიდებულება „გამჭვირვალობის კანონის“ დროს რომ იყო, მეგობრის რჩევა რომ უნდა გაგვეთვალისწინებინა. პოლიტიკაში მეგობრობა ემოციებზე და სხვადასხვა გრძნობებზე დაფუძნებული არ არის, სადღეგრძელო ხომ არაა. მეგობარი კი არა, არსებობენ სახელმწიფოები და არსებობს სახელმწიფო ინტერესები.

შეიძლება სხვა სახელმწიფოებისთვის და გავლენიანი ჯგუფებისთვის, აბსოლუტურად ლეგიტიმური ინტერესი იყოს, ერთ მხარეს რომ ჩვენ ვიყოთ და ვეომოთ რუსეთს. საქართველომაც რომ შეუტიოს რუსეთს, მერე რა მოხდა, მაგრამ ამ დროს საქართველოს რა დაემართება? ამაზე ვიღაცა სხვა ვერ იფიქრებს, შენ უნდა იფიქრო საკუთარ თავზე და მოქალაქეებზე.

ახლა არის ბოლო ცდა გარე ძალების, რომ საქართველოში ჩამოშორდეს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას, რადგან არ ვიწყებთ ომს – ესენი არიან გამგდებები, კი ყველაფერში მოგვყვებიან, გვეთანამშრომლებიან, რეფორმებსაც ატარებენ, უფლებებსაც იცავენ, ეკონომიკაც განავითარეს, ყველაფერი აქვთ ევროპული, მაგრამ მაინც გადამგდებები არიან, რადგან ომი არ დაიწყეს.

„ნაცები“ გამოდიან და ამბობენ, რომ ჭეშმარიტი ევროპისკენ მიდიან და მათ უნდა დაუჭირონ მხარი, მიუხედავად იმისა, რომ კლავდნენ, აუპატიურებდნენ, ციხეში ცუდად ეპყრობოდნენ ათას საშინელებას მართებდნენ და თან ამბობენ, რომ აღარ იზამენ. გულწრფელად თანავუგრძნობ მათ ამომრჩევლებს, რადგან ასეთი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არიან“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები