მტრედი, რომელმაც I მსოფლიო ომში 194 ჯარისკაცი გადაარჩინა

I მსოფლიო ომის დროს კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ბრძოლისას წარმოქმნილ ქაოსში ეს ხშირად პრობლემას წარმოადგენდა. გაწვრთნილი მტრედები არმიებისთვის აუცილებელი იარაღი გახლდათ გადამწყვეტი შეტყობინებების გადასაცემად. ერთ-ერთი ასეთი მტრედი, Cher Ami (ფრანგულიდან ითარგმნება, როგორც „ძვირფასი მეგობარი“) იქცა ნამდვილ გმირად, რომელმაც ომის ერთ-ერთ ყველაზე უიმედო მომენტში, თითქმის, 200 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა.

1918 წლის ოქტომბერში, პირველი მსოფლიო ომის ბოლო ეტაპებზე 77-ე ქვეითი დივიზიის, დაახლოებით, 550-კაციანი ჯგუფი — მოგვიანებით, ცნობილი, როგორც დაკარგული ბატალიონი — აღმოჩნდა ხაფანგში, საფრანგეთში, არგონის ტყეში. ისინი მოწყდნენ მოკავშირეებს და მტრის ძალებით იყვნენ გარშემორტყმულნი.  კიდევ უფრო უარესი ის გახლდათ, რომ მათივე არტილერიამ არ იცოდა მათი პოზიცია და შემთხვევით, ჭურვებს პირდაპირ მათკენ ისროდა.

საკომუნიკაციო ხაზების განადგურების გამო, დახმარების გამოძახების ერთადერთ გზას მტრედების გაგზავნა წარმოადგენდა, რომელთაც, ჩვეულებისამებრ, ფეხებზე შეტყობინება ექნებოდათ მიმაგრებული.  გერმანულმა ძალებმა ბევრი მტრედი ჩამოაგდეს და სიტუაცია სულ უფრო უიმედო გახდა. იმ დროისთვის, როდესაც მისიის შესასრულებლად Cher Ami გაგზავნეს, მხოლოდ 194 ჯარისკაცი იყო ცოცხალი.

Cher Ami

1918 წლის 4 ოქტომბერს Cher Ami, ფეხზე მიბმული შეტყობინებით, ააფრინეს. როგორც კი მტრედი გაფრინდა, გერმანელებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. ტყვიამ ფრინველის მკერდში გაიარა, შემდეგ თვალიც დაკარგა და ფეხიც, მაგრამ ამ დაზიანებების მიუხედავად, Cher Ami-მ 25 მილი იფრინა. 25 წუთში „ძვირფასმა მეგობარმა“ ამერიკის შტაბ-ბინაში შეტყობინება მიიტანა.

ფრინველის სიმამაცის წყალობით, მოკავშირეთა არტილერიამ შეაჩერა სროლა და დაკარგული ბატალიონის გადარჩენილი ჯარისკაცების გამოსახსნელად დახმარება გაგზავნა. 194 ჯარისკაცის გადარჩენით, Cher Ami ერთგულებისა და გამბედაობის სიმბოლოდ იქცა.

მძიმე დაზიანებების მიუხედავად, Cher Ami გადაარჩინეს. გაწეული სამსახურისთვის, მტრედი ფრანგული Croix de Guerre-ს პრესტიჟული სამხედრო ჯილდოთი დააჯილდოვეს. ომის შემდეგ იგი დააბრუნეს შეერთებულ შტატებში, სადაც როგორც გმირს, ისე დახვდნენ. მტრედი 1919 წელს დაიღუპა, მისი ცხედარი კი. დღეს სმითსონის ინსტიტუტის ამერიკის ისტორიის ეროვნულ მუზეუმშია გამოფენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები