ირაკლი კობახიძე: გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ლიდერად, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ განვითარებას ყველა მიმართულებით და მეტ ინვესტიციებს

ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტია და სწორედ ამას ემსახურება რეფორმები, რომელსაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ. მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს 0%-იან საგადასახადო რეჟიმს ყველა ქართული ინოვაციური სტარტაპ-კომპანიისთვის პირველი სამი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, საქართველო ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ლიდერად.

„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ლიდერად, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ განვითარებას ყველა მიმართულებით და მეტ ინვესტიციებს მთელი მსოფლიოდან. ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტია და სწორედ ამას ემსახურება რეფორმები, რომელთაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ. მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს 0%-იან საგადასახადო რეჟიმს ყველა ქართული ინოვაციური სტარტაპ-კომპანიისთვის პირველი სამი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, მინდა გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ – უახლოეს მომავალში ქართული ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება ქალაქ სან-ფრანცისკოში, სილიკონის ველზე, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ქართულ სტარტაპებს განვითარებაში და იქნება ერთგვარი ხიდი ქართულ სტარტაპებს, წამყვან ვენჩურულ ფონდებსა და ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის. დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ლიდერი ფართო რეგიონში ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში – პირველ რიგში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, პირადად პირველ ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულია ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები