თბილისის ისტორიის მუზეუმში ვენის ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორების გამოფენა იხსნება
3 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში, ვენის ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორების, იოანა და ჰელმუტ კენდლების გამოფენა: ,,ბერტა ფონ ზუტნერი გორდში” იხსნება. 2010 წელს, აღნიშნული გამოფენა დიდი წარმატებით გაიმართა ვენაში, ბერტა ფონ ზუტნერის სასახლეში. პროექტი მიეძღვნა პირველი ნობელის პრემიის ლაურეატი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერის მოღვაწეობას საქართველოში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ვიდეო-არტი და ინსტალაცია, რომელიც მოიცავს ფერწერას. იოანა და ჰელმუტ კენდლების პროექტის მიზანია, წინ წამოსწიონ თანამედროვეობის ეკონომიკური თუ სოციალური საკითხები, ისტორიის მაგალითებზე. ავტორებმა ჟენევის გაეროს არქივში მიაკვლიეს ბერტა ფონ ზუტნერის უცნობ ხელნაწერს, პიესას, რომელიც მან საქართველოში დადიანების სასახლეში ცხოვრების პერიოდში შექმნა. მწერალმა ანა კორძაია-სამადაშვილმა აღნიშნული ტექსტი საუკუნის ბოლოს საქართველოს ყოფისათვის დამახასიათებელი ლიტერატურული დეტალებით განავრცო. ბერტა ფონ ზუტნერის ფენომენი, მისი მოღვაწეობა საქართველოში მრავლისმომცველი და მნიშვნელოვანია, ამიტომ ორმაგად საინტერესოა, ის თუ როგორ ეხმიანება მის შემოქმედებას თანამედროვე ხელოვნება. პროექტი აერთიანებს თანამედროვე ხელოვნებას და ისტორიულად მნიშვნელოვან მოვლენებს, სთავაზობს ფართო საზოგადოებას ისტორიას, ბერტა ფონ ზუტნერის ურთიერთობას დადიანების საგვარეულო სახლთან, მის მიერ გორდის სასახლეში გამართულ თეატრალურ ვოდევილებს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებითაა წარმოდგენილი. გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ექსპოზიცია 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.