როგორ გადაუარა ქართულმა „მანქანამ“ ამერიკელ მკვეხარას – „საქართველოსთვის ყველაფერს გავაკეთებ, მისთვის სიკვდილისთვისაც მზად ვარ!“

როგორ გადაუარა ქართულმა „მანქანამ“ ამერიკელ მკვეხარას – „საქართველოსთვის ყველაფერს გავაკეთებ, მისთვის სიკვდილისთვისაც მზად ვარ!“,- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას “კვირის პალიტრა”.

სტატიაში UFC-ის ქართველი მებრძოლის და უკვე ჩემპიონის მერაბ დვალიშვილისა და შონ ო მალის ორთაბრძოლა და მატჩის შემდგომი კომენტარებია განხილული.

“დვალიშვილმა ო’მალი გაანადგურა!

15 სექტემბერს, შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მეომარმა მერაბ დვალიშვილმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. ამ გამარჯვებით, ილია თოფურიას შემდეგ, მერაბ დვალიშვილი გახდა მეორე ქართველი, ვინც შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის – UFC-ს (Ultimate Fighting Championship – აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) ჩემპიონია.

დვალიშვილი-ო’მალის შეხვედრა ლას-ვეგასის უნიკალურ დარბაზ „სფეროში“ გამართული ღონისძიების (NOCHE UFC) მთავარი ბრძოლა იყო და უდიდესი ინტერესიც გამოიწვია: ქამრის მფლობელი „შუგარ“ ო’მალი, თუ ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი, რომელიც სატიტულო ორთაბრძოლას ზედიზედ 10-გამარჯვებიანი სერიით შეხვდა? ბუკმეკერები, მცირე უპირატესობას ამერიკელ მებრძოლს ანიჭებდნენ, თუმცა, ქართველმა „მანქანამ“ (დვალიშვილის მეტსახელია) მცირე კითხვის ნიშანიც კი არავის დაუტოვა და ო’მალი დომინანტური უპირატესობით დაამარცხა.

საწყისი ორი რაუნდის განმავლობაში, დვალიშვილის უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ ო’მალიმ, რომელსაც 2020 წლის აგვისტოს შემდეგ აღარავისთან წაუგია, ვერაფერი დაუპირისპირა ქართველის აგრესიულ შეტევებს. ხუთრაუნდიანი ორთაბრძოლის მესამე რაუნდი ერთადერთი იყო, როცა „ქართულმა მანქანამ“ მოწინააღმდეგის ძირს დაგდება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, დარჩენილ დროში აღარ გაანძრევინა ხელი და UFC-ს ჩემპიონის ქამარი დაისაკუთრა.

„ზედმეტად ბევრი დაპირება, ნაკლები შესრულება. ბოდიში, მიყვარხართ“ – სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოკლე კომენტარით შემოიფარგლა შონ ო’მალი მატჩის დასრულების შემდეგ.

გაცილებით ენაწყლიანი იყო გამარჯვებული: „ამ წუთებისთვის 12 წლის განმავლობაში ვიბრძოლე და UFC-ს ჩემპიონის ქამრის გაკეთება ძალიან ემოციური იყო ჩემთვის”, – უთხრა „სფეროში“ შეკრებილ ათასობით ქომაგს და მილიონობით ტელემაყურებელს მერაბ დვალიშვილმა, – “ო’მალი ფიქრობდა, რომ საუკეთესოა, მაგრამ სინამდვილეში, აქ არავინაა ვინმეზე უკეთესი. მეც ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, ყველგან დავდივარ, ხალხს ვხვდები, ვარჯიშს ვაგრძელებ იმისთვის, რომ უკეთესი გავხდე. ქართველი ვარ და ჩემი სამშობლო უდიდეს მოტივაციას მაძლევს, ამიტომ ვარ მაგარი მებრძოლი! ჩემი ქვეყნისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მისთვის სიკვდილისთვისაც მზად ვარ! ახლა, ჩემპიონი ვარ და ამ გამარჯვებას ჩემს ქართველებთან ერთად ვიზეიმებ”,- წერია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები