ქართული კინომემკვიდრეობა საქართველოს უბრუნდება

დღეს კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის ძალისხმევით, ხელი მოეწერა ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი – „გოსფილმოფონდი“ 1916 წლიდან 1990 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს ქართულ მხარეს გადმოსცემს. მემორანდუმს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდის – „გოსფილმოფონდის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ბოროდაჩევი აწერენ ხელს.
„გოსფილმოფონდი“ წარმოადგენს მსოფლიოს უდიდეს არქივს, რომელშიც დაცულია ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი, ფაქტობრივად, ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს კინოშედევრებიც. ინიციატივა ფილმების ქართული მხარისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, 90-იან წლებში გაჩნდა, თუმცა ქართველი კინემატოგრაფისტების დიდი ძალისხმევისა და მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად, რიგი მიზეზების გამო ამ დრომდე ვერ განხორციელდა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, წლის ბოლოს მხარეებს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის შედეგადაც ქართული ფილმების გადმოცემის პროცესის განხორციელება, მომავალი წლიდან ეტაპობრივად დაიწყება. ფილმების სრული სია ქართულ მხარეს უკვე გადმოეცა.
„გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნებას 5 წელი დასჭირდება. ფილმებს ქართული მხარე პოზიტივის ფორმატით მიიღებს, რაც მათი ნებისმიერ ციფრულ ფორმატზე გადაყვანის შესაძლებლობას და ამ გზით, საქართველოში საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტის კინოარქივის შექმნის საშუალებას იძლევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები