ზურაბ ჟვანიას ცხედარს ექსჰუმაცია ჩაუტარდება
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ცხედარს ექსჰუმაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავარმა პროკურატურამ მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, ექსპერტიზის ჩატარების თარიღი. პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან. პროკურატურის განმარტებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ექსპერტების ვინაობა არ სახელდება.
„მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება სასამართლო-სამედიცინო დარგში საერთაშორისო დონის ექსპერტებთან და ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები. სწორედ ამ ექსპერტიზის შედეგებთან არის პირდაპირ კავშირში ექსჰუმაციის საკითხი. რაც შეეხება კონკრეტულ ვადებს, თუ როდის ჩატარდება ექსჰუმაცია, სამწუხაროდ, ამ ვადას ვერ დავასახელებთ, რადგან ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება. ჩვენთვის ოჯახის პოზიცია ცალსახად ცნობილია. მათი მხრიდან ადგილი აქვს გამოძიებისთვის ხელის შეწყობას“, – განაცხადა საქმის პროკურორმა რევაზ ნადოიმ.
პარალელურად, ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მიხეილ ძაძამიასა და კობა ხარშილაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გამოძიება მათ სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტებას ედავება.