20 წლის განმავლობაში პირველად სამხედრო სამსახურში 500 ჩეჩენს გაიწვევენ
ჩეჩნეთის სამხედრო კომისარიატებში გაწვევის საშემოდგომო კამპანიისთვის ემზადებიან. გაწვევის კომისიები მუშაობას 1 ოქტომბრიდან დაიწყებენ. გავრცელებული ინფორმაციით, წელს ჩეჩნეთიდან 500 ადამიანის გაწვევა იგეგმება.
„ყველა ახალგაზრდა მამაკაცი სამედიცინო კომისიას გაივლის, ისინი ასევე ფსიქოლოგიურ ტესტებს ჩააბარებენ. გაწვევის კომისიის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ წვევამდელების მშობლები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები“, – აღნიშნეს სამხრეთ სამხედრო ოლქში.
ბოლო სრულყოფილი გაწვევა ჩეჩნეთიდან 90-იანი წლების დასაწყისში ჩატარდა. საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე გაწვევა რესპუბლიკიდან დასრულდა. ჩეჩნეთიდან ახალგაზრდა მამაკაცების გაწვევის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩენი წვევანდელები სამხედრო სამსახურს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებში გადიან.