უკრაინამ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის, მოსკოვზე, დრონებით მასშტაბური შეტევები განახორციელა. რუსული და საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, თავდასხმების სამიზნე იყო როგორც ენერგეტიკული, ისე სამხედრო და ლოგისტიკური ობიექტები.
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, იერიშები განხორციელდა მოსკოვის რეგიონზე, ბელგოროდის ოლქზე და სხვა ტერიტორიებზე. შეტევების შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 12-ზე მეტი დაშავდა, ხოლო მოსკოვის აეროპორტებში დროებით ფრენების შეზღუდვაც დაწესდა.
მედიის ინფორმაციით, უკრაინული დრონების სამიზნეებს შორის იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, საწვავის საცავები, ნავთობის ტერმინალები, საწვავის გადამტუმბი სადგურები და სამხედრო ელექტრონიკის მწარმოებელი ობიექტები.
Reuters-ის ინფორმაციით, დარტყმების შედეგად დაზიანდა რუსეთის ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვანი ობიექტებიც, მათ შორის პერმის, ტუაფსეს, სიზრანისა და ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ შეტევების მიზანი რუსეთის სამხედრო ლოგისტიკისა და ომის დაფინანსებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაზიანებაა.
რუსეთში კი აცხადებენ, რომ ერთ კვირაში 3000-ზე მეტი უკრაინული დრონი გაანადგურეს.