ბექა ოდიშარია: მას შემდეგ, რაც მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ, ეკლესიის როლის გაძლიერებაზე დაიწყება ლეგიტიმური განხილვები 

“მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ მომავალ პარლამენტში, დაიწყება ლეგიტიმური განხილვები, ახლა უბრალოდ პოზიციების მოსინჯვა ხდება”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების წინადადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მაღალი ჩართულობით – როგორც კათოლიკოს-პატრიარქის, წმინდა სინოდის, მღვდელმთავრების და მღვდელმსახურების, ისე მრევლის მიერ.

“ჩვენ გვაქვს ისეთი დამოკიდებულება როგორიც მრევლის წარმომადგენლებს ეკადრება – არც არჩევნებია აქ შუაში და არც ახლანდელი პოლიტიკური კონტექსტი. ეკლესიაზე, მეუფეებზე, პატრიარქზე თავდასხმა არჩევნების გარეშეც ამ ვერაგი, კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ძალიან ოსტატურად ხორციელდება. ის არასდროს ჩერდება, არ წყდება. ამაში ისინი იღებენ უზარმაზარ დაფინანსებას, რათა მოახდინონ ეკლესიის ნეიტრალიზაცია და ქრისტიანული ფასეულობების დევალვაცია. აი, ამის წინააღმდეგ გვსურს შეიქმნას დამატებით დაცვითი მექანიზმები და ისინი აისახოს კონსტიტუციაში. საკონსტიტუციო ცვლილებებს საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. შესაბამისად, მინიმუმ ოქტომბრამდე “ქართულ ოცნებას” ეს ლეგიტიმაცია ვერ ექნება. ხოლო მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ მომავალ პარლამენტში, დაიწყება ლეგიტიმური განხილვები, კონსულტაციები. ახლა უბრალოდ მოსამზადებელი სამუშაოებია, პოზიციების მოსინჯვა ხდება. სწორედ იმიტომ, რომ არაფრის დაჩქარებული წესით მიღებას არ ვაპირებთ, ამიტომ დაიწყო ასეთი მაღალი რანგის კონსულტაციები ახლა. ხოლო გადაწყვეტილება, გარწმუნებთ, მიღებული იქნება მაღალი ჩართულობით – როგორც კათოლიკოს-პატრიარქის, წმინდა სინოდის, მღვდელმთავრების და მღვდელმსახურების, ისე ჩვენი მრევლის, რომელიც ღირსია და იმსახურებს გაიგოს, რას აპირებს მმართველი გუნდი. გაიგოს ეს მანამდე და ჰქონდეს დრო და საშუალება, რომ განსაჯოს და იმსჯელოს ამის შესახებ იქამდე, ვიდრე ის იქნება კონსტიტუციაში შეტანილი”, – განაცხადა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები