“ბორჯღალოსნები” 17 ნოემბერს იტალიას გენუაში, „ლუიჯი ფერარიზე“ დაუპირისპირდებიან
“ბორჯღალოსნები” 17 ნოემბერს იტალიას გენუაში, „ლუიჯი ფერარიზე“ დაუპირისპირდებიან.
ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.
„ლუიჯი ფერარი“ 1911 წელს გაიხსნა და ის 33 205 მაყურებელს იტევს. მატჩი ჩვენი დროით 20:40 საათზე დაიწყება, ბილეთების გაყიდვა კი დღეიდან.
აქამდე საქართველოს იტალიის წინააღმდეგ 5-ჯერ უთამაშია, საიდანაც მეტოქემ პირველი ოთხი შეხვედრა მოიგო. პირველად „აძურას“ 1998 წელს ლაკვილაში ვეწვიეთ და მასპინძლებმა მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში 31:14 გაიმარჯვეს. 2000 წელს იტალიასთან ტესტ-მატჩი ლივორნოში გავმართეთ (51:7), ხოლო 2003 წლის მსოფლიო თასამდე მას ასტიში ვეთამაშეთ (31:22).
ამის შემდეგ იტალიელებთან ტესტს 15 წლის განმავლობაში ველოდით და მას მეოთხედ 2018 წელს ფლორენციაში შევხვდით – გამარჯვება ამჯერადაც მასპინძლებს დარჩა – 28:17.
2022 წელს „აძურა“ პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ბათუმში ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 3 ლელო გაუტანეს, თავად მხოლოდ ერთი გაუშვეს და 28:19 გაიმარჯვეს. ეს იყო პირველი გამარჯვება არა მხოლოდ იტალიასთან, არამედ ზოგადად ტიერ1-ის გუნდთან.
მთლიანობაში, საქართველომ იტალიას ამ 5 თამაშში გაუტანა 8 ლელო და 88 ქულა, თავად კი 20 ლელო და 160 ქულა მიიღო”, – წერია ინფორმაციაში.