10 აგვისტო ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეა
10 აგვისტოს ქართული სიმღერის ლეგენდას და მოამაგეს, ანზორ ერქომაიშვილს 84 წელი შეუსრულდებოდა. იგი იყო მუსიკოსი, პოლიტიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნების მუშაკი
დაიბადა 1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი 1969 წელს.
იყო ტელეგადაცემათა ციკლის – „100 ქართული ხალხური სიმღერა” წამყვანი. 1968 ჩამოაყალიბა სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი „რუსთავი”; 1983–1996წწ. უცხოური ფირმებისათვის ჩაწერა 300-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა, რომლებიც კომპაქტური დისკების სახით ვრცელდება მთელ მსოფლიოში.
1976 ჩამოაყალიბა ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი „მართვე”, რომელსაც 2000 წლამდე ხელმძღვანელობდა; 1994 წელს ანსამბლის ბაზაზე შეიქმნა მოსწავლეთა სასახლე.
მან 1972 წლიდან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის არქივში (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, კრასნოგორსკი, რიგა, თბილისი) მიაკვლია 500-ზე მეტ ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრამას, შესრულებულს 1907-იდან 1930 წლამდე. მათი რესტავრაციის შემდეგ ფირმა „მელოდიაში” გამოსცა 5 ფირფიტა გამოკვლევებითურთ; 1992 წელს ლონდონის მუსიკალურ არქივში მიაკვლია 1902–1914 წწ. ინგლისური ფირმების მიერ გრამფირფიტებზე ჩაწერილ 127 ქართულ ხალხურ სიმღერას; აქვე აღმოაჩინა ვ. სარაჯიშვილის ჩანაწერების მატრიცები (დედნები), რომელთა მეშვეობითაც (ნ. ანდღულაძის მონაწილეობით) მოხერხდა მომღერლის პირვანდელი სრულყოფილი ხმის აღდგენა; 1985–1989 წწ. მოიწვია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მომღერლები და ფირმა „მელოდიაში” ჩაწერა 100-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა; აღადგინა, გამოსცა და მომავალ თაობებს გააცნო ვ. სარაჯიშვილის, ა. ინაშვილის, ნ. ქუმსიაშვილის, ა. კავსაძის, ვ. სიმონიშვილის, ა. მეგრელიძის, ნ. ხურციას, კ. პაჭკორიას, მ. თარხნიშვილის, ა. ერქომაიშვილის, ვ. მჭედლიშვილისა და სხვა ცნობილ მომღერალთა ხელოვნება;
„ავტორია წიგნებისა: „ბაბუა“ (1980; ეძღვნება არტემ ერქომაიშვილის ცხოვრებას), „შავი შაშვი ჩიოდა” (1989), „ძველი სიმღერების კვალდაკვალ” (1979). მუსიკალურად გააფორმა ოცამდე კინოფილმი და სპექტაკლი. 2001 წელს, მისი ინიციატივით და იუნესკოს ხელშეწყობით, ჩამოყალიბდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, მომზადდა და გამოიცა (2006) XX საუკუნის ანთოლოგიის (1901–2001), ერთი ნაწილი (1901–1914), რომელშიც შედის ქართული ხალხური სიმღერებისა და საშემსრულებლო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები.
იყო: ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ილია ჭავჭავაძის მედლის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის, ალბერტ შვაიცერის სახელობის საერთაშორისო პრემიის (ანსამბლ „რუსთავთან” ერთად), ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.
გარდაიცვალა 2021 წლის 31 მარტს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.