სკანდალი თბილისში – მშობლები აუტიზმით დაავადებული ბავშვის ცემაში ბაღის მასწავლებელს ადანაშაულებენ
აუტიზმით დაავადებული 4 წლის ბიჭის მშობლები თბილისში, ბაქრაძის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის მასწავლებელს ბავშვის ცემაში ადანაშაულებბენ. ოჯახის განცხადებით, ფსიქოლოგისგან მიღებული ინფორმაციით, ბავშვს სამი სახის დაზიანება აქვს.
“დაზიანებაზე მეტად პედაგოგის და ძიძის გულგრილობა მაწუხებს. ბავშს ტუჩზე სისხლსაც კი არ წმენდნენ,დავინტერესდი თუ რა მოხდა თუმცა შეკითხვებზე ვერ მპასუხობდნენ. ჯერ თქვეს, რომ ბავშვმა თვითდაზიანება მიიყენა, მერე თქვეს, რომ თანატოლთან იჩხუბა, არადამაჯერებელ და არაადეკვატურ პასუხებს იძლეოდნენ“, – აცხადებს ბავშვის დედა ქეთევან იარაჯული.
ოჯახმა დამოუკიდებელ ექსპერტს უკვე მიმართა. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ზუსტი დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი.
“ექსპერტმა მითხრა, რომ წინასწარი დათვალიერებით ბავშვს მრავლობითი ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული“, -აცხადებს ბავშვის მამა.
საბავშვო ბაღის პედაგოგები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ დაზიანებები ბავშვს თანატოლმა მიაყენა.
„მშობელმა მთხოვა, რომ მათი ბავშვი ბაღის გარემოს შემეგუებინა. მე ამას ვცდილობდი. ბავშვს თანატოლთან სათამაშოს გამო მოუვიდა ჩხუბი და დაზიანებაც მან მიაყენა. ჩვენ ხელით არავის არ ვეხებით“, – განაცხადა საბავშვო ბაღის პედაგოგმა ციური გულიაშვილმა.
ინციდენტზე ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო მოკვლევას იწყებს.