მეთიუ მილერი – “იმ ქმედებებით, რომელსაც უკრაინელები ახლა ახორციელებენ, ჩვენს პოლიტიკას არ არღვევენ“

აშშ-ს არ მიუღია უკრაინისგან გაფრთხილება კურსკის ოლქში რაიმე სახის ოპერაციის დაწყების თაობაზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ეს არის ომი, რომელშიც ისინი იბრძვიან. ჩვენ მათ ვამარაგებთ და კონსულტაციას ვუწევთ. თუმცა როდესაც საუბარი მიდის ყოველდღიურ ტაქტიკაზე, ყოველდღიურ თავდასხმებზე, ჩვენ მათთან ხან გვაქვს კომუნიკაცია, ხან არა. მართებულია, თავად მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. იმ ქმედებებით, რომელსაც უკრაინელები ახლა ახორციელებენ, ჩვენს პოლიტიკას არ არღვევენ“, – აღნიშნა მილერმა.

ამასთან, მილერმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრა დიდ პროვოკაციას წარმოადგენს.

„მე ვნახე რუსეთის ხელისუფლების გზავნილები. მათი მხრიდან ირონიულია ამისთვის პროვოკაციის დარქმევა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი არღვევს ტერიტორიული მთლიანობასა და უკრაინის სუვერენიტეტს 2014 წლიდან“, – აღნიშნა მილერმა.

ცნობისთვის, კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები