ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერდოღანს დიქტატორი უწოდა
თურქეთის მოსახლეობა მისი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის დიქტატურის ტყვეობაშია, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა და ერდოღანის ფოტო გამოაქვეყნა.
„ლიდერი, რომელიც „ჰამასს“ მხარს უჭერს, საკუთარ ხალხს ჩაგრავს, და იქცევა როგორც დიქტატორი – დიქტატორია“, – განაცხადა კაცმა.
მისივე თქმით, თავდასხმები ისრაელზე მას პოზიციას არ შეუცვლის და ამბობს, რომ ის თურქეთის მოქალაქეებამდე და მსოფლიომდე სიმართლის მიტანას გააგრძელებს.
„ანტისემიტი დიქტატორი ერდოღანი გუშინ აშშ-ს და დასავლეთის ქვეყნებს თავს დაესხა და თქვა, რომ ისინი „ებრაელი სიონისტების ტყვეობაში არიან“.
ერდოღან, თუ ვინმე იმყოფება ტყვეობაში, ეს თურქეთის მოქალაქეები არიან მას შემდეგ, რაც შენ ქვეყანაში ინსტაგრამის 57 მილიონი მომხმარებელი დაბლოკე, თუმცა შენს პირად ინსტაგრამ გვერდზე მათ წვდომა არ შეუზღუდე“, – დაწერა კაცმა.