ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ- ში ვიზიტი შეაფასა
„ძალიან ნაყოფიერი, სასარგებლო და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის მთავარი აქცენტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა.
„გამოსვლისას შევეხე აბსოლუტურად ყველა საკითხს – შიდა პოლიტიკურ სიტუაციას, ეკონომიკურ მდგომარეობას, იმ განვითარებასა და რეფორმებს, რომელსაც მივაღწიეთ მოკლე დროში, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებას. მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან სასარგებლო ვიზიტი. ბევრი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა და მოლაპარაკებები გვქონდა ძალიან მნიშვნელოვან თემებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა, რომ ლტოლვილებთან დაკავშირებით გაერო-ს რეზოლუციას მხარი დაუჭირა საუდის არაბეთმაც და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს საკმაოდ დიდი წინსვლა აქვს. პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით მსხვილი ამერიკული კომპანია AECOM-ი დაინტერესდა.
„ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია. გუშინდელ გამოსვლაში შემთხვევით არ დავუთმე საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი აბრეშუმის გზის განვითარებას. ანაკლიის პორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიმაჩნია, რომ ის იქნება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.