„ჩვენ გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფო ვართ, ვიდრე ოცი წლის წინ, და უფრო ძლიერი, ვიდრე ორი წლის წინ“

  „ჩემთვის საპატიოა ჩემი ქვეყნის სახელით გამოსვლა გაეროში. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო გახდა საქართველოს განუხრელი ტრანსფორმაციის მოწმე, რომლის მიზანიცაა თავისუფლების, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა.
უფრო სრულყოფილი და ღია დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე ჩვენ მივაღწიეთ დიდ წარმატებებს და წავაწყდით გამოწვევებსაც. ჩვენ გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფო ვართ, ვიდრე ოცი წლის წინ, და უფრო ძლიერი, ვიდრე ორი წლის წინ“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
პრემიერის თქმით, მას წილად ხვდა ბედნიერება, ყოფილიყო ქართველთა ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელიც „ცივი“ ომის შემდგომ წლებში გაიზარდა.
„მთელი ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვანი ცვლილებების მონაწილე ვარ. ჩვენი უდიდესი წინსვლა არის დემოკრატიული ღირებულებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი ქართველი ხალხის ერთგულების შედეგი. რადგანაც ჩვენი დემოკრატიული ტრანსფორმაცია ესოდენ რთული პროცესია, არაფერს არ აღვიქვამთ ისე, თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო. პრეზიდენტ კენედის თუ დავესესხებით, „ჩვენ ამას ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ ეს იოლია, არამედ იმიტომ, რომ რთულია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ რთულ პერიოდში ქართველი ხალხი ქუჩებში გამოდიოდა მშვიდობიანი პროტესტის ნიშნად და აფიქსირებდა თავის პოზიციას არჩევნებში, რათა უზრუნველეყო დემოკრატიული გზის უწყვეტობა.
„ნება მომეცით, აღტაცება გამოვხატო მათი ენერგიისა და დემოკრატიული პროგრესის მიმართ ერთგულების გამო. მინდა მადლობა გადავუხადო მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ დარბაზში იმყოფებიან, და საერთაშორისო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით კი გაეროს, საქართველოს მხარდაჭერისა და ქართველი ხალხის მიმართ გულისხმიერებისათვის. მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რომლებსაც ჩვენ წავაწყდით, საქართველოს მოსახლეობა იმედის თვალით შეჰყურებს მომავალს“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები