ვალერი ხაბურძანია: ამერიკის მხარდაჭერის გარეშე მარგველაშვილი ამდენს „ვერ გაბედავდა“
საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის დაპირისპირებაზე ისაუბრა. ხაბურძანიას განცხადებით, გიორგი მარგველაშვილს ზურგს ამერიკის შეერთებული შტატები უმაგრებს. მისი თქმით, მარგველაშვილს რომ შტატების მხარდაჭერა არ ჰქონდეს, ის ამდენს „ვერ გაბედავდა“.
„გიორგი მარგველაშვილს აშშ-ში თავის ადამიანად აღიქვამენ და ამით კონფლიქტისაკენ მისი წაქეზება ხდება. შტატები ცდილობს, დღევანდელ ხელისუფლებას მარგველაშვილის მეშვეობით ერთგვარად აკონტროლებდეს. მარგველაშვილს რომ არ ჰქონდეს შტატების მხარდაჭერა, ის ამდენს „ვერ გაბედავდა“,- განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.
უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ალასანია-მარგველაშვილის შესაძლო პოლიტიკურ ალიანსზეც ისაუბრა. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, ისინი საზოგადოებას ერთ გუნდად მოევლინონ, მით უფრო, რომ მისი განცხადებით, ორივე პოლიტიკოსის ლობი შეერთებული შტატებია.
„ლობის ქონა პოლიტიკაში ერთგვარ ბიზნესად იქცა. გამორიცხული არ არის, მათი ალიანსი შედგეს. მარგველაშვილი თავისი ლობით სარგებლობის უფლებას არც ღარიბაშვილს მისცემს და არც ალასანიას“,- აღნიშნა უშიშროების ყოფილმა მინისტრმა.