ცხოვრობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბჟოლიეთში. სწავლობს სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში. 13 წლის თვითნასწავლი მხატვარია. ხატავს სხვადასხვა ჟანრში, სხვადასხვა მასალით.
ამჟამად დაინტერესებულია ხატწერით. – მარინე ბრეგუს პერსონა.
– როდის დაიწყეთ ხატვა?
– დავიწყე 5 წლის ასაკში, მულტფილმიდან „ბემბი“. თვითნასწავლი ვარ. დარეგისტრირებული ვარ სამხატვრო სკოლაში, რომ მონაწილეობა მივიღო გამოფენებში. ვხატავ ნებისმიერ თემაზე ნებისმიერი მასალით.
– ერთი ნამუშევარი…
– ძალიან განვიცდი ქვეყნებში მომხდარ ტრაგედიებს. ისრაელისა და უკრაინის ომის თემაზე მაქვს ბევრი ნამუშევარი. გამოვყოფ ებრაელ „გოგონას თოჯინათი”, რომლის შექმნაც შთამაგონეს ობლად დარჩენილმა ებრაელმა ბავშვებმა.
– რომელი მხატვრები გიყვართ?
– თანამედროვე მხატვრებიდან – არჩილ კუტალაძე, ძველი ეპოქის მხატვრებიდან – ფიროსმანი.
– გამოფენები…
– მონაწილეობა მივიღე, გასული წლის დეკემბერში, სამების საკათედრო ტაძარში, ასევე „მე მინდა საქართველო მიცნობდეს”, მივიღე სიგელი და მედალი, მონაწილეობა მივიღე „ნიჭიერი თაობის“ კონკურსშიც, თემაზე – ვაჟა ფშაველას „არწივი ვნახე დაჭრილი”. მეორე ადგილი ავიღე უკრაინის ომის თემაზე ნამუშევრით – „რატომ”. წელს, 20 ივნისს, ხიდისთავის საჯარო სკოლაში გამიკეთეს პერსონალური გამოფენა.

– ამჟამად რას ხატავთ?
– ვმუშაობ ხატწერაზე, წმინდა ქეთევანის თემაზე, ჩაფიქრებული მაქვს რამდენიმე ნამუშევრის შექმნა.
– როგორ ხატავთ? შთაგონება თუ გჭირდებათ?
– რა თქმა უნდა, შთაგონებით.

– როგორ დაიხატა ქეთევან დედოფალი?
– ჯერ მოვისმინე წმინდა ქეთევანის ისტორია. ამის შემდეგ გავეცანი სხვადასხვა ხატმწერის მიერ შექმნილ ხატებს და მათგან მიღებული შთაგონებით შეიქმნა წმინდა ქეთევანის ხატიც.
– ამ ეტაპზე ხატწერა გაინტერესებთ. რის დაწერას აპირებთ მომავალში?
– მამა თომა სიხარულიძის გარდაცვალებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. დავწერე მამა თომას ხატი, იესო ქრისტეს რამდენიმე ხატი, ასევე – ილია მეორეს ხატი, მაქვს შობისა და აღდგომის ნამუშევრები. ამჯერად ვმუშაობ წმინდა ქეთევანის წამების სცენის შექმნაზე.

– ჰობი…
– დავამთავრე მუსიკალური სკოლა, ძალიან მიყვარს მუსიკა და წერა თავისუფალ თემებზე, ასევე – ცეკვა.
– ჯერ მხოლოდ 13 წლის ხართ. თუ აპირებთ, ხატვას გაჰყვეთ?
– დიახ, ვაპირებ, რომ ხატვა ჩემს პროფესიად ვაქციო.


თამარ შაიშმელაშვილი