27 სექტემბერს „ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის დღე“ აღინიშნება

რესტორან „ხარებაში“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანაორგანიზატორობით, არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციას“ და საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ მხარდაჭერით, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, 27 სექტემბერს, 18:00 საათზე „ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის დღე“ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა თაობის პოეტები – თემურ ჩალაბაშვილი, ლევან ფანჩვიძე, ნანა ცინცაძე, მეცამეტე თვის პოეტები, თემო არაბული, გიორგი არაბული, ირაკლი დეისაძე, ოთარ ფალიანი, კოკა შურღაია, მაკა აბუაშვილი – მშვიდობის იდეის გარშემო გაერთიანდნენ და მხარდაჭერას პოზიციით გამოხატავენ. ორი ქვეყნის თანამეგობრობისადმი მიძღვნილ საღამოზე მოეწყობა ტელეკომპანია „იმედის“ ფოტორეპორტიორის გურამ როგავას ფოტოების გამოფენა, რომელიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ასახავს.
თანამეგობრობის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე მიწვეულია უკრაინის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მწერალთა კავშირის წევრები და საზოგადოებისთვის ცნობადი სხვა სახეები.
მშვიდობის იდეის გარშემო გაერთიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის ღონისძიების ფარგლებში სოციალურ ქსელში შეიქმნება სპეციალური გვერდი – ქართველი ხელოვანები უკრაინისთვის, სადაც თემაზე „უკრაინა და მშვიდობა“ მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, განათავსონ უკრაინელებისადმი მხარდაჭერის გამომხატველი საკუთრი შემოქმედება ფოტოს, ნახატის, ვიდეოს, ლექსის, ჩანაწერის ან სხვა სახით. გარდა ამისა, იგეგმება ყველა ჩანაწერის წიგნად გამოცემა და უკრაინაში გაგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები