მამაკაცი, რომელსაც არასდროს უნახავს ქალი – მიხაილო ტოლოტოსის ისტორია

შეუძლებელია, სამყარო ქალის გარეშე წარმოიდგინო. ისტორია იცნობს ადამიანს, რომელიც ღრმა მოხუცებულობამდე ისე მივიდა, რომ ქალი არ უნახავს. მან მთელი ცხოვრება გაატარა ადგილზე, სადაც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის მისვლა მკაცრად იკრძალება.

მიხაილო ტოლოტოსი დაიბადა 1856 წელს, საბერძნეთში. მისი დედა მშობიარობისთანავე გარდაიცვალა, ხოლო მამა არასდროს არავის უნახავს. ნათესავებიდან არავის სურდა ობოლის მიკედლება, ამიტომ ბიჭი ათონის მთაზე წაიყვანეს და მონასტრის კიბეებთან დატოვეს. ბერებმა ბიჭუნას, რომელიც დაბადებიდან უსახელო იყო, მიხაილო ტოლოტოსი უწოდეს.

ტოლოტოსმა მონასტრის კედლებში მთელი თავისი ცხოვრება, 82 წელი გაატარა. მას არასდროს დაუტოვებია წმინდა მთის მიდამოები და ამიტომაც, არასდროს უნახავს ქალი.

ათონის მთის მიდამოებში 20 მონასტერი მდებარეობს, რომლებშიც ბერი-ასკეტები ცხოვრობენ. მათ აღთქმა დადეს, რომ თავი შეიკავონ ყველა მსგავსი სიამოვნებისგან და მკაცრად დაიცვან წესები. იქ არიან სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის მამაკაცები, რომლებიც რწმენის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი.

ქარტია, რომელიც ათონის მთაზე მხოლოდ მამაკაცების ყოფნის უფლებას იძლევა, 1060 წელს მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ეს წესი მხოლოდ ადამიანებს არ ეხებათ.  მთის მიდამოებში მდედრი ცხოველების ყოლაც აკრძალულია. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორიაა ქალების გარეშე.

ბერები დაუქორწინებლობის აღთქმას დებენ. ქალებს ფეხი ამ ტერიტორიაზე 1000 წელზე მეტია, არ დაუდგამთ. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ათონი მამაკაცების ერთი დიდი მონასტერია.

ბერებს ბევრი სხვა შეზღუდვაც აქვთ. მათ ეკრძალებათ კამათი და ჩხუბი, ასევე იმ მოვლენებით დაინტერესება, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს. მონასტრის ყველა მკვიდრი გრძელ წვერს ატარებს, რომლის მოპარსვა, ასევე, არ შეიძლება.

მიხაილო ტოლოტოსის შემთხვევა მაინც განსაკუთრებულია. ბერების უმრავლესობა მონასტერში შემდგარ ასაკში მივიდა და მანამდე ქალებთან გარკვეული შეხება მაინც ჰქონდათ. ზოგიერთი წარსულ ცხოვრებაში დაქორწინებულიც კი იყო. ტოლოტოსი მონასტერში რომ მოხვდა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რამდენიმე დღის გახლდათ და უბრალოდ, არც იცოდა, ვინ იყო ქალი. მისი წარმოდგენები ქალის შესახებ მართლმადიდებელი წმინდანების და მოწამეების გამოსახულებებით შემოიფარგლებოდა.

ბერი ძალიან მორწმუნე იყო. ის კიდევ უფრო დიდ პატივისცემას იმსახურებდა სხვებისგან იმის გამო, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია. ტოლოტოსი 1938 წელს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სხვა ბერებისგან მოშორებით დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები