კალიგულა – ყველაზე შეშლილი და გარყვნილი იმპერატორი

რომის ისტორიაში ცოტა ფიგურა განასახიერებს ძალაუფლების უკიდურესობასა და სიგიჟეს ისე ნათლად, როგორც გაიუს იულიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსი, მეტად ცნობილი, როგორც კალიგულა. მისი ხანმოკლე, მაგრამ მღელვარე მმართველობა (37-დან 41 წლამდე) არაპროგნოზირებადობისა და სისასტიკის საუკეთესო მაგალითად რჩება.

ცნობილი გენერლის, გერმანიკუსისა და აგრიპინა უფროსის ვაჟი იულიუს-კლავდიუსების დინასტიაში დაიბადა. მან ბავშვობა სამხედრო ბანაკებში გაატარა, სადაც ჯარისკაცის მინიატურული ჩექმების ტარების გამო, მეტსახელი „კალიგულა“ შეარქვეს, რაც „პატარა ჩექმას“ ნიშნავს. იმის გამო, რომ კალიგულამ სამხედრო ცხოვრება და საიმპერატორო კარის ინტრიგები საკმაოდ ადრეულ ასაკში შეიცნო, მის ხასიათიც და ამბიციებიც მალე ჩამოყალიბდა.

37 წელს, წინამორბედ ტიბერიუსის გარდაცვალების შემდეგ, კალიგულა იმპერატორის ტახტზე 24 წლის ასაკში ავიდა. თავდაპირველად, კალიგულას ადრეული მმართველობა ხალხს, თითქოს, კეთილდღეობისა და რეფორმების ახალ ეპოქას ჰპირდებოდა, თუმცა ეს ყველაფერი მალე ტერორში გადაიზარდა. იმპერატორი ექსცენტრული ქცევითა და უკონტროლო სისასტიკით გამოირჩეოდა. ექსტრავაგანტულობითა და მეგალომანიით ცნობილი კალიგულა იმპერიის რესურსებს მდიდრულ სამშენებლო პროექტებზე ფლანგავდა. მისი გრანდიოზულ ამბიციებს ადასტურებს მისივე ბრძანებაც ნემის ტბაზე მცურავი სასახლის აშენების შესახებ, რომელიც ბაღებითა და აბანოებით იქნებოდა დახუნძლული.

ქვეშევრდომებსა და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს კალიგულა ერთნაირი სისასტიკით ეპყრობოდა. მას უბრალო ეჭვის გამოც შეეძლო, ადამიანი სიკვდილით დაესაჯა.

კალიგულას მეფობის მთავარი იდეა  საკუთარი ღვთაებრიობის რწმენა იყო. იმპერატორი მოითხოვდა, თაყვანი ეცათ მისთვის, როგორც ცოცხალ ღმერთისთვის – მის პატივსაცემად აეგოთ ტაძრები და ქანდაკებები. როგორც ცნობილია, კალიგულა გეგმავდა, თავისი საყვარელი ცხენი – ინციტატუსი – კონსულად დაენიშნა. ცხადია, მსგავსი აბსურდული სურვილები იმპერატორს და მის ქვეშევრდომებს შორის არსებულ უფსკრულს აღრმავებდა.

კალიგულას პირადი ცხოვრება გარყვნილებითა და სკანდალებით გამოირჩეოდა. არსებობს ინფორმაცია, რომ მას სექსუალური კავშირი ჰქონდა საკუთარ დებთან, განსაკუთრებით  კი, დრუსილასთან, რომელსაც ის ძალიან უყვარდა. ეს ყველაფერი რომაული არისტოკრატიის სოციალურ ნორმებს ეჭვქვეშ აყენებდა და ამორალურად ითვლებოდა.

გარდა ამისა, კალიგულა ცნობილი იყო ექსტრავაგანტურ ორგიებში მონაწილეობით. იმპერატორი მასპინძლობდა მდიდრულ წვეულებებს, სადაც გარყვნილებას ეწეოდა კურტიზანებთან, დიდებულებთან და საკუთარი ოჯახის წევრებთანაც კი.

ასევე, ამბობდნენ, რომ კალიგულა ხშირად საჯარო ადგილებში აიძულებდა დიდგვაროვან ქალებსა და სენატორების ცოლებს, მასთან სექსით დაკავებულიყვნენ. ეს მისთვის არა მხოლოდ ძალაუფლების დემონსტრირების, არამედ ქვეშევრდომების დამცირებისა და მათზე დომინირების საშუალება იყო. საბოლოოდ, ამგვარმა საქციელმა კალიგულას, როგორც ტირანისა და დესპოტის რეპუტაცია განაპირობა.

იმპერატორის ქცევა სულ უფრო მეტად დესპოტური ხდებოდა, ამიტომაც, საიმპერატორო კარზე კალიგულას წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების ფორმირება დაიწყო. უკმაყოფილო სენატორებმა და პრეტორიანული გვარდიის წევრებმა  41 წელს კალიგულა სასახლის დერეფანში მოკლეს და იმპერიაში წესრიგი აღადგინეს.

მისი გარდაცვალების შემდეგ კალიგულას სახელი ტირანიისა და სიგიჟის სინონიმი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები