ნინო მდივანი – ართურ კონან დოილის ქართველი რძალი

ნინო და დენისი

მეფის რუსეთის გენერალ–მაიორის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილის, ზაქარია მდივნისა და ნახევრად პოლონელი ელისაბედ სობოლევსკას ქალიშვილის, ნინოს დაბადების თარიღი უცნობია. ისევე, როგორც მისი დედმამიშვილების – სერგის, დავითის, ალექსის, რუსუდანის (რუსის) – ნინოს შესახებაც ბევრს წერდა XX ს–ის 20-30–იანი წლების ევროპული პრესა.

წარმატებული კარიერისა და მაღალი თანამდებობების წყალობით, ზაქარია მდივანმა შეძლო, უფროსი შვილებისთვის კარგი განათლება მიეცა. ისინი ჯერ პეტერბურგის, შემდეგ კი, ვარშავისა და პარიზის უნივერსიტეტებში სწავლობდნენ. მდივნების ოჯახის კეთილდღეობა 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ დაირღვა. ემიგრაციაში წასულმა ოჯახმა ჯერ სტამბოლს, შემდეგ კი, პარიზს შეაფარა თავი.

მდივნებს განსაკუთრებული ხიბლი და შარმი ჰქონდათ, წარმატებაში ხელს უწყობდათ განათლება, ბუნებრივი სილამაზე და არისტოკრატიზმი. პარიზში ნინო მდივანს უამრავი ქართველი და უცხოელი თაყვანისმცემელი ეხვია გარს. სწორედ ნინოს მიუძღვნა ნიკოლო მიწიშვილმა ლექსი „გამოთხოვება“.

1925 წელს ნინო მდივანი ცოლად იურისტ ჩარლზ ჰურბერიხს გაჰყვა, თუმცა მათი თერთმეტწლიანი ოჯახური ცხოვრება განქორწინებით დამთავრდა.

ნინო და დენისი

ბრისტოლის ავიაგამოფენაზე ნინო მდივანი და მწერალ არტურ კონან დოილის ვაჟი დენის კონან დოილი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. დენისი პირველივე შეხვედრით მოიხიბლა მშვენიერი უცნობით, რომელმაც საოცრად ბევრი რამ იცოდა ავიაციაზე.

1936 წელს ნინო მდივანი ადვოკატისა და ავიატორის, დენის კონან დოილის მეუღლე გახდა. დენისი მოყვარული ავიატორი იყო და მთელი ცხოვრება თვითმფრინავების ახალი მოდელების შემუშავებითა და გამოცდით იყო დაკავებული. ამიტომაც, მამის წიგნების გამოცემის ექსკლუზიური უფლება მეუღლეს გადასცა. ნინო ნამდვილ საქმიან ქალად და ელიტარული ქრონიკებისათვის საინტერესო პიროვნებად იქცა. ქმრისგან განსხვავებით, ნინო პრაგმატული პიროვნება გახლდათ და მამამთილის მემკვიდრეობას სრული სერიოზულობით პატრონობდა. არტურ კონან დოილის ნაწარმოებებიც ყველაზე დიდი ტირაჟით მას შემდეგ იყიდებოდა, რაც გამომცემლობის საქმე ნინოს ხელში გადავიდა. დენის კონან დოილის გარდაცვალების შემდეგ უფლებები არტურ კონან დოილის ნაწარმოებებზე ნინოს ერგო.

1955 წელს დაქვრივებული ნინო ცოლად გაჰყვა წარმატებულ ინგლისელ გამომცემელს, ენტონი ჰარვუდს.

ნინო მდივანი 1987 წელს ლონდონში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები