“შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში, გორში მასობრივი ოლიმპიური გარბენი გაიმართა

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში, გორში მასობრივი ოლიმპიური გარბენი გაიმართა. გარბენი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

ოლიმპიურ გარბენში მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიურმა ჩემპიონ-პრიზიორებმა, სეოკის, ბაკურიანი-2025- ის და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა, თანამშრომლებმა და მაცხოვრებლებმა, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებმა.

მასობრივ ოლიმპიურ გარბენში ქალთა და კაცთა კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან გადაეცათ შესაბამისი პრიზები, ასევე გარბენის ყველა მონაწილემ მიიღო სპეციალური მაისური და მონაწილეობის სერტიფიკატი.

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების(გორი, ქარელი, ხაშური, კასპი) სახელით ქალთა და კაცთა შორის გამარჯვებულ პირველ სამეულს გადაეცა ფულადი ჯილდოები.

ღონისძიებაზე დაბადების 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოლიმპიური ჩემპიონი, ვახტანგ ბლაგიძე დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური დიპლომით და ფულადი პრემიით. ჯილდო ოლიმპიურ ჩემპიონს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გადასცა.

„შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ 2022 წლიდან ტარდება და მისი მიზანია რეგიონში სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, სპორტის მასობრიობისთვის ხელის შეწყობა და მოსახლეობის აქტიური ჩართვა სპორტულ ღონისძიებებში.

თამაშებში უკვე 5000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წლეულს, „შიდა ქართლის სპორტულ თამაშების“ პროგრამაშია შეჯიბრებები მძლეოსნობაში, კალათბურთში, ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაში.

23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც აღინიშნება 1948 წლიდან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით. მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც სეოკის და მისი პრეზიდენტის – თომას ბახის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს.

საქართველოში, 1994 წლიდან, ტრადიციულად იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები.

ღონისძიების ორგანიზატორები: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, გორის, ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპალიტეტები, სეოკის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია, სეოკის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი.

პარტნიორი ორგანიზაციები: კომპანია ,, ავერსი“ და ,,თელიანი ველი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები