ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა მოაწერეს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა, KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, იუსტიციის სამინისტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, თანამშრომლობა მიზნად ისახავს KIU-ს ფსიქოლოგიისა და სამართლის პროგრამების სტუდენტებისთვის სტაჟირების ხელშეწყობას. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ცენტრის ბაზაზე გაიარონ პროფესიული პრაქტიკა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა: მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ბენეფიციართა მხარდამჭერი სახელმწიფო სერვისები, რეაბილიტაციის პროცესისთვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და სამართლებრივი ასპექტები.
“ვიზიტისას სტუმრებმა KIU-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარეს, რომელიც მისასალმებელი სიტყვით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნა. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მერაბ ტურავამ სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. სტუდენტებისთვის გამართულ საჯარო ლექციაზე კი მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის მიმდინარე საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამებზე ისაუბრეს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო თემებზე,”- წერია ინფორმაციაში.