საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადება – იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენასთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„11 ივნისს, ქრისტის აუქციონზე შეძენილი Codex Sinaiticus Rescriptus არის ქართველი ერის კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნიმუში, თუმცა ხაზგასასმელია მისი მნიშვნელობა ქრისტიანული და, ზოგადად, მსოფლიო ცივილიზაციისთვის, რაც ჩვენთვის, როგორც ბიბლიოთეკარებისთვის, განსაკუთრებულად სასიამოვნო და საამაყო გარემოებაა.
ცნობილი კალიგრაფის, სასულიერო მწერლისა და ჰიმნოგრაფის, იოანე ზოსიმეს, ხელნაწერი შეიცავს სახარების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეული ენის დიალექტზე, რომელზედაც, მკვლევრების ვარაუდით, იესო საუბრობდა.
მოუთმენლად ველით პალიმფსესტის საქართველოში ჩამოსვლას, მისი უშუალოდ ნახვისა და მრავალმხრივი სამეცნიერო შესწავლის შესაძლებლობას.
ჩვენი მხრივ, როგორც საქართველოს მთავარი ბიბლიოთეკა, რომლის თანამშრომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში დააგროვეს დიდი და მრავალმხრივი გამოცდილება, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ვუდასტურებთ ჩვენი გამოცდილებებისა და კომპეტენციების ფარგლებში ნებისმიერი სახის დახმარების მზაობას.
ცხადია, ეროვნული ბიბლიოთეკა სარგებლობს შემთხვევით და კიდევ ერთხელ უდასტურებს მადლიერებას ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შეიძინა პალიმფსესტი და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები