12 მარტი ზურაბ სოტკილავას დაბადების დღეა

12 მარტი საქართველოს სახალხო არტისტის, ზურაბ სოტკილავას დაბადების დღეა. ოპერის მომღერალი, ტენორი ზურაბ სოტკილავა დაიბადა 1937 წლის 12 მარტს სოხუმში
პოლიტექნიკური ინსტიტუტი მომავალმა მომღერალმა 1961 წელს დაამთავრა. სწორედ იმ პერიოდში, სრულიად შემთხვევით, სოტკილავას ბარიტონი პროფესორმა ნიკოლოზ ბოკუჩავამ მოისმინა და მისი დაჟინებული მოთხოვნით, სამთო-ინჟინრის დიპლომით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩააბარა და მაესტრო დავით ანდღულაძის კლასში მოხვდა.
მომღერლის ცნობილი პარტიებია: აბესალომი (ზ. ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი”), არზაყანი (ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება”), ვოდემონი (პ. ჩაიკოვსკის „იოლანტა”), მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი, ისმაილი, დონ კარლოსი (ჯ. ვერდის „ტრუბადური”, „ოტელო”, „ბალ-მასკარადი”, „აიდა”, „რიგოლეტო”, „ნაბუქო“, („დონ კარლოსი“), ხოზე (ჟ. ბიზეს „კარმენი”), კავაროდოსი, ლუიჯი (პუჩინის „ტოსკა”, „მოსასხამი“), ედგარი (დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური”), ინდოელი სტუმარი (რიმსკი-კორსაკოვის „სადკო”), ტურიდუ (მასკანის „სოფლის პატიოსნება“), ანდრე შენიე (უ. ჯორდანოს „ანდრე შენიე“), ბარონი ჯოლოანდრო ( ჯ. პაეზიელოს „მშვენიერი მეწისქვილე ქალი”), თვითმარქვია, გოლიცინი (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი’“ „ხოვანშჩინა“) და სხვა.
ზურაბ სოტკილავამ მაყვალა ქასრაშვილთან ერთად დააარსა ქუთაისის საოპერო ფესტივალი, რისთვისაც მიენიჭა ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება. მისივე ინიციატივით, თბილისის საოპერო თეატრის დასის გამოსვლებით, 1991 წლის ივლისში, ჩატარდა ვერდის საზაფხულო ფესტივალი კომპოზიტორის მშობლიურ ქალაქ ბუსეტოში.
ზურაბ სოტკილავა იყო მრავალი ჯილდოს, მათ შორის,ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
გარდაიცვალა 2017 წლის 18 სექტემბერს, დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები