„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი იუსტიციის სახლის გახსნა ნიშნავს მეტ ხელმისაწვდომობასა და კომფორტს ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტის განხორციელებით მუნიციპალიტეტში შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
„აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის განხორციელებამ მუნიციპალიტეტში შექმნა ახალი სამუშაო ადგილები. რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მე მინდა მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს და იუსტიციის სახლის თითოეულ თანამშრომელს, ვინც წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეგიონის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ვითარდება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულად, არამედ ინსტიტუციურადაც. პარალელურად, მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები საგზაო ინფრასტრუქტურის, სოციალური თუ საგანმანათლებლო მიმართულებებით. ეს არის სისტემური პროცესი, რომელსაც მოაქვს რეალური შედეგები. ჩვენი ამოცანაა, რომ თითოეულმა მოქალაქემ ყოველდღიურ ცხოვრებაში იგრძნოს ეს კეთილდღეობა და შედეგები“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.