დაიბადა ხარაგაულის რაიონის სოფელ ვერტყვიჭალაში. დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური მეცნიერებები, – სოციოლოგიის განხრით. მალევე დაოჯახდა და ბავშვებთან ერთად დაიწყო ისეთი რამის შექმნაზე ფიქრი, რაც შემოსავლის წყაროც იქნებოდა და ასევე შინაგანი ემოციის გამოხატვის საშუალებაც. ასეთი აღმოჩნდა ქარგვა. ამბობს, რომ ეს იყო სწორედ ის, რასაც ეძებდა – „ბედნიერება, სულის სილაღე, სიმშვიდე და ყველაფერი, რაც მჭირდებოდა ცხოვრების ამ ეტაპზე. ამ ყველაფერში ვიპოვე ჩემი თავი. არ ვდარდობ უამრავ გატეხილ ღამეზე, რადგან ეს ამად ღირდა. მინდა ბევრი ადამიანი გავახარო და გავაბედნიერო ჩემი გვერდის – „ილიანას“ (IliAna’s art) ნაქარგებით, ამით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ“. – ნანა გოგოლაძის პერსონა.
– გაიხსენეთ ბავშვობა. როდის დაინტერესდით ქარგვით?
– ჩემი ბავშვობა საინტერესო ნამდვილად იყო: გავიზარდე ულამაზეს სოფელში, აქ ცხოვრობს უზადოდ კეთილი ხალხი, საუკეთესო სამეზობლო მყავდა და მყავს. ჩემი ბავშვობა კი უდარდელი იყო ჩემი მშობლების დამსახურებით. ხატოვნად შემიძლია გონებაში ჩაბეჭდილი ყოველი დღის გახსენება. საოცარი ბებოები მყავდა, მათ გვერდით ვიზრდებოდი და მათგან დიდი ამაგი დამრჩა სახსოვრად. საუკეთესო მეგობრები მყავდა ბავშვობაშიც და დღემდე გვერდს მიმშვენებენ ისინი.
მოკლედ რომ გითხრათ, ცხოვრების ის ეტაპი ლაღად გავიარე. ხელოვნებას რაც შეეხება, ბავშვობაში ვმღეროდი გუნდში – ქართულ ხალხურ სიმღერებს, მაქვს კარგი სმენა, ვუკრავდი – ფორტეპიანოზე 7 წელი, დავდიოდი – ცეკვაზე 4 წელი.
ქარგვა ამ ზაფხულს დავიწყე. მანამდე ქარგვით არასდროს დავინტერესებულვარ.
– თავიდან ალბათ სირთულეებიც შეგხვდათ?
– სირთულე მართლაც ბევრი მქონდა, ბევრი… თუმცა არ შევუშინდი არასდროს, მჯეროდა, რომ მე ამას გავაკეთებდი. თანაც სირთულეები სულ არის და სულ მეტს და მეტს ვსწავლობთ ადამიანები გამოცდილების დაგროვებით. ვიტყვი იმასაც, რომ მიყვარს „სირთულესთან შეჯახება”, რადგან ვიცი, რომ მე ამას მაინც გავაკეთებ/საბოლოო შედეგამდე მაინც მივალ.
– ყვავილები… გვირილა, მზესუმზირა, კესანე… და მაინც, რომელი ყვავილის მოქარგვა გიყვართ?
– ნებისმიერი ყვავილი მიყვარს, რაც „ილიანას“ მომხმარებელს სურს. ვიწყებ ქარგვას და მიყვარდება ნებისმიერი მოქარგული ყვავილი.
– „პატარა ბაღი ჩარჩოში“, „გული“, „საქართველოს რუკა“… ლამაზი კომპოზიციები გაქვთ. საქართველოს რუკას რომ ქარგავთ, ყვავილებით სიმბოლურად როგორ გამოსახავთ რომელიმე კუთხეს?
– როდესაც საქართველოს რუკა მოვქარგე, მაშინ ეს საქმე ახალი დაწყებული მქონდა. მინდოდა ლამაზად გამეფორმებინა რუკის შიდა მხარე. კუთხეები გამოყოფილად არ დამიქარგავს, უბრალოდ მთლიანი რუკა გაბნეული ლამაზი ყვავილებით შევავსე, ისეთივე ფერადი რომ გამოსულიყო, როგორიც რეალობაშია ჩვენი სამშობლო, ჩვენი ძვირფასი საქართველო.
– მარტი და გაზაფხული, რაზე იყო უმეტესად მოთხოვნა მარტში?
– ყველაზე მოთხოვნადი კესანები გახლდათ. შეკვეთების უმრავლესობა მოიცავს კესანებს. ჩემს საოცარ გამომწერებს სურთ კესანები, თუმცა სხვადასხვა იდეებს მაწვდიან, ზოგს თეთრ ფონზე სურს მათი დაქარგვა, ზოგს შავ ფონზე, ზოგს სადად მოსწონს მოქარგული კესანები, ზოგისთვის კი სასურველია სხვა ფერადი ყვავილების ამოქარგვა კესანებთან ერთად. მიუხედავად იმისა რომ ხშირია კესანების შეკვეთა, ვცდილობ, ეს ნაქარგები ერთიმეორეს არ ჰგავდეს. თითოეული არის განსხვავებული და სხვადასხვა დეტალით გაფორმებული.
– აღდგომა მოდის, დიდი დღესასწაული. თუ აპირებთ რაიმე მასთან მისადაგებულის ქარგვას?
– აღდგომა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია. იცით, მიფიქრია ამაზე, თუმცა ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ვთქვათ, ამ თემატიკას შევეხო, რადგან ეს ჩემთვის სრულად რელიგიური და სათუთი თემატიკაა და ამ პასუხისმგებლობას ამ ეტაპზე არ ავიღებ ქარგვაში.
– IliAna’s art – თქვენი გვერდია. შვილების სახელების შეერთებით მიღებული. რატომ შვილების სახელები? რამდენად არის ოჯახი ჩართული?
– ილია და ანა ჩემი შთაგონების წყაროა ქარგვაში. ისინი არიან ჩემი მოტივატორები. ჩემს გვერდსაც ამიტომ დავარქვი ილიანა. მეუღლისგან კი ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას. ამჟამად ვცხოვრობ რუსთავში.
დაამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სოციალური მეცნიერებები – სოციოლოგია. მალევე დაიბადა ანა, მუშაობა აღარ გამიგრძელებია რადგან მარტო მქონდა გადაწყვეტილი ანას გაზრდა, აღზრდა, შემდგომ დაიბადა პატარა ილია და მივხვდი, რომ ჩემი მოწოდება იყო მათზე ზრუნვა და საჭიროდ მივიჩნიე, ისეთი საქმე გამომენახა ჩემს თავში, რაც თავს ძლიერ და საინტერესო ადამიანად მაგრძნობინებდა, თან მინდოდა, ეს საქმე ყოფილიყო „გამომხატველობითი“ და აუცილებლად კავშირი ჰქონოდა „ინდივიდუალიზმთან“, ხელოვნებასთან.
მინდოდა შემექმნა ისეთი რამ, რაც შემოსავლის წყაროც იქნებოდა და ასევე შინაგანი ემოციების გამოხატვის საშუალებასაც მომცემდა. ფოტოგრაფია მიყვარს ძალიან, თუმცა ფოტოგრაფები მუდმივად სახლის გარეთ მუშაობენ, ეს კი ჩემთვის შეუძლებელი იყო ჩემს ორ პატარასთან ერთად, შემდეგ კი გამოვნახე ჩემს თავში ქარგვა და ეს იყო სწორედ ის, რასაც ვეძებდი.
– როგორ მუშაობთ და შთაგონებას რა გაძლევთ ქარგვის დროს?
– ვმუშაობ ძირითადად ღამით, სანათის შუქზე, მაშინ, როცა გარშემო სიმშვიდეა. ოდნავ ხმაურშიც კი ქარგვა არ შემიძლია. დღისით თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს.
– ჰობი…
– ქარგვა, მუსიკის მოსმენა, ბუნების ფოტოგრაფია, ფილმების ყურება.
– ამჟამად რაზე მუშაობთ და სამომავლოდ რას გეგმავთ?
– ამჟამად ვმუშაობ კესანებზე, რომელიც პირველად კეთდება თეთრ ფონზე და ინტერესით ვაკვირდები საბოლოო შედეგის მიღებას. გეგმად მაქვს: განსხვავებული ვიზუალური ჩარჩოების დამატება, რომელიც იქნება ვინტაჟური სტილის და უფრო კლასიკური. ასევე გეგმაში მაქვს: „ბოქსების“ გაკეთება, სადაც გასაყიდად განთავსდება მცირე ზომის ნაქარგი ჩარჩოების ნაკრები და ნაქარგი „სუვენიერები“. ეს ყუთები იქნება სასაჩუქრე, ულამაზესი შეფუთვით და საინტერესო დეტალებით. სითბოთი და სიყვარულით დატვირთული.


თამარ შაიშმელაშვილი