თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა
თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტს თბილისში კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების სამხატვრო ხელმძღვანელები, ქორეოგრაფები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საღამოზე ანსამბლმა ქართული ხალხური ქორეოგრაფიისა და სიმღერის ოცზე მეტი ნიმუში შეასრულა. მათ შორის: ცეკვა „ქუთაისური“, „ხორუმი“, „სამაია“, „მოხეური“, „ნარნარი“, „ფარიკაობა“, „იმერული სახალისო“, „აფხაზური“; „შილდური მრავალჟამიერი“, „სვანური“ და სხვა.
ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მმართველობის სფეროში მოქმედი ანსამბლია და ის 2010 წელს შეიქმნა. დღეს ქუთაისს ჰყავს მაღალი საშემსრულებლო დონის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი მრავალფეროვანი რეპერტუარით, რომელიც აქტიურადაა ჩართული ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, მართავს არაერთ სოლო კონცერტს ქუთაისსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.
ანსამბლი მრავალი საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებისა და ფესტივალის მონაწილეა. კერძოდ ანსამბლი მონაწილეობდა ღონისძიებებში – 2011 წელს – იტალიის ქალაქ ტრენტოში, 2013 წელს – თურქეთის ქალაქ ბურსაში; საკონცერტო ტურნე ჰქონდა: 2015 წელს – უნგრეთში, 2018 წელს – შვეიცარიაში, 2020 წელს – პოლონეთში, 2015, 2017, 2018, 2019 წელს – უკრაინაში.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი მეორე წელია მონაწილეობს ლევილის ისტორიულ მამულში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ ქართული ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალში. ანსამბლის რეპერტუარი ევროპელი სტუმრებისა თუ ქართული დიასპორის დიდ მოწონებას იმსახურებს. ამასთან, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლი მიემგზავრება იაპონიაში და 15 ივნისს მონაწილეობას მიიღებს ფესტივალში – „საქართველოს დღეები იაპონიაში”.
მომღერალთა გუნდი თავისი შემოქმედებით წარდგა: ბათუმის ფოლკლორისა და სასულიერო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალზე (2011 წ.), 2013 წელს – უკრაინაში, ტერნოპოლის სასულიერო და ფოლკლორის საგუნდო ფესტივალზე (I ადგილი), 2014 წელს – ლიტვაში, ვილნიუსის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე, 2015 წელს – ვილნიუსში, „თბილისობის“ დღესასწაულზე, 2016 წელს – ფლორენციაში, მონტეკანტინში საგუნდო ფესტივალზე, საირმეში – მუსიკალურ ფესტივალზე „საირმე 2017“, 2019 და 2022 წელს – ზუგდიდში, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე „კოლხი და“…
ანსამბლი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან. ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში 2019 წელს გაიმართა ვაჟთა გუნდის სოლო კონცერტი. გუნდმა 2022 წელს ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა. 2023 წელს გამოდიოდა გონიოში გამართულ მელიტონ კუხიანიძის სახელობის ქართული ხალხური სიმღერის ფესტივალზე, ხოლო 2024 წელს – ესპანეთის სამეფოში გამართულ საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე „მონსერატის ოქროს ხმები“ (გრან-პრი).
2022 წლის დეკემბერში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს მიენიჭა აკადემიური ანსამბლის სტატუსი და 2023 წლის 6 ივლისს გაიხსნა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვარსკვლავი.